ნიკა მელია - არჩევნების საკითხი ეპიდემიოლოგებზეა დამოკიდებული, თორემ „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია გამარჯვებაში
ნიკა მელია - არჩევნების საკითხი ეპიდემიოლოგებზეა დამოკიდებული, თორემ „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია გამარჯვებაში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცების“ წარმომადგენლების განცხადებებს სერიოზულად ვერ აღიქვამს.

მისივე განმარტებით, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უთქვამს, რომ სურს არჩევნების გადადება, არამედ მიაჩნიათ, რომ მთავარმა ეპიდემიოლოგებმა, პროფესიონალმა ექიმებმა უნდა დააფიქსირონ პოზიცია, რა პროგნოზს აკეთებენ, როგორ ხედავენ სულ მცირე მომდევნო ერთ თვეში მოვლენების განვითარებას.

ნიკა მელია ამბობს, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ქართული ოცნების“ გზავნილებს მე პირადად ყურადღებას არ ვაქცევ, მგონი, დიდი უმრავლესობა უკვე ყურადღებას არც აქცევს, რადგან ენას ძვალი არ აქვს, რასაც უნდათ, იმას საუბრობენ. სხვა რა აქვთ სასაუბრო? იმის მაგივრად, რომ საუბრობდნენ, როგორ დაამარცხებენ პანდემიას, რომელიც, მათივე უმოქმედობით, დღეში 60-70 ადამიანს გვაკარგვინებს, ისინი პროპაგანდისტულად საუბრობენ, რომ ოპოზიციას დაამარცხებენ და არც ერთი სიტყვა იმაზე, როგორ დაამარცხებენ პანდემიას.

აქვე, მინდა, ვთქვა ერთი დამატებითი, ძალიან მძლავრი არგუმენტი, რატომ უნდა მივიდეს ყველა არჩევნებზე და რატომ უნდა დამარცხდეს ეს ხელისუფლება იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების დამარცხებასთან ერთად, ბევრი ჭირი უნდა დამარცხდეს, მათ შორის პანდემიაც. „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად არის ინფორმირებული, თუ როგორ ვერ უახლოვდება 40-პროცენტიან ზღვარსაც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვერ უახლოვდება არათუ 43 პროცენტს, 40 პროცენტსაც, ამიტომ ისაუბრონ.

აღდგომა და ხვალეო, ნახავენ თავად იმ შედეგს, რაც დაფიქსირდება 2 ოქტომბერს. რამდენჯერ უთქვამთ, რამდენჯერ დაუფიქსირებიათ თავიანთი ყალბი კვლევები, თითქოს ისინი არიან წინ გაჭრილები, მაგრამ საპირისპირო მომხდარა და მოხდება.

ამიტომ, სერიოზულად ვერც აღვიქვამ მათ საუბარს. „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება კი არ უნდა, არავის უთქვამს ეს, უბრალოდ, ჩვენი პოზიციაა, პირადად ჩემი – საკოორდინაციო საბჭოში, რომელშიც შედიან ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები, პროფესიონალი ექიმები, მხოლოდ ისინი არიან უფლებამოსილნი, მათ უნდა გვითხრან, რა პროგნოზს აკეთებენ, როგორ ხედავენ როგორც მინიმუმ მომდევნო ერთი თვის მოვლენების განვითარებას.

ისე არ მოხდეს, როგორც შარშან, დეკემბერში, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, სექტემბერში რომ დაგვეხურა რეგიონი და გამოგვეცხადებინა კარანტინი მცირე ვადით მაინცო, ჩვენ აუცილებლად გადავურჩებოდით ბევრ პრობლემას და ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენდითო. სწორედ ამ ადამიანებზეა დამოკიდებული, თორემ „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებული არის გამარჯვებაში, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მზად, შევიდეს ყველა დაბაში, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში და შესულები ვართ უკვე აქტიურ კამპანიაში.

უბრალოდ, პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია, ბუნებრივია, სვამს საკითხს – პირველ რიგში, პროფესიონალებმა უნდა ისაუბრონ ამაზე, არც ღარიბაშვილ-კობახიძემ და არც ერთი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ, თუ წევრმა. უნდა ისაუბრონ ბატონმა გამყრელიძემ, ბატონმა ცერცვაძემ, ბატონმა იმნაძემ, რომლებიც არიან ხელისუფლების წარმომადგენლები საკოორდინაციო საბჭოში. ეს ადამიანები უნდა გამოვიდნენ და თქვან – ჩვენ ვართ პროფესიონალები, ჩვენ გვჯერა, რომ არ არის აუცილებელი არც რეგულაციების გამკაცრება, არც ე.წ. ლოკდაუნი, არც მითუმეტეს არჩევნების გადადება.

ზოგ-ზოგიერთი, ჩემთვისაც საპატივსაცემო ადამიანი საუბარს რომ იწყებს არჩევნების გადადებით, ეს ჩემთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია და გეტყვით რატომ. როდესაც მკაცრი რეგულაციები არ არის დაწესებული, როდესაც არ გაქვს დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვები, არც კარანტინი, არც სხვა შესაბამისი შეზღუდვა და პირდაპირ არჩევნების გადადებაზე საუბრობ, არ არის სწორი, რომ მიეცეს „ქართულ ოცნებას“ პროპაგანდისტული მესიჯების ფრქვევის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.