ნიკა მელია - არჩევნების მეორე ტურზე ჩავდგეთ მშვიდობიან ჯაჭვში, მაგრად დაჰკარით, ყიჟინა ისმოდეს ყველგან
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტია „გირჩის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, თაკო ჩარკვიანის იდეა გააცნო.
ნიკა მელიამ შეკრებილებს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურის დღეს რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე შექმნან ცოცხალი ჯაჭვი და ამ სახით გამოხატონ პროტესტი.
„მეორე ტურებს რაც შეეხება, რომელსაც მარტო რომ ატარებენ, საკუთარი პარტიის წევრებით, სავარაუდოდ იქნება 21 ნოემბერს და ამასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პარტია „გირჩს“ აქვს ეს იდეა და ქალბატონ თაკო ჩარკვიანს ჰქონდა იდეა და ძალიან კარგი იდეაა, რომ მაშინ, როდესაც მთელი „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის მიყვანით დაკავდება, ჩვენ გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე, ჯაჭვში ჩავდგეთ, ცოცხალ ჯაჭვში, მრავალმწკრივიან ჯაჭვში და ამით მსოფლიომ დაინახოს, რომ ხალხი დგას გარეთ, ხალხი აპროტესტებს და ძალდატანებით საჯარო მოხელეს ან აქტივისტს მიერეკებიან საარჩევნო უბნებზე. ესეც დიდი დარტყმა იქნება. იმაზე მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს, აი, მეორე ტური როცა იქნება დანიშნული, ვიდრე მიმსვლელი იქნება არჩევნებზე. ეს ჭკუით გამარჯვება იქნება ამ უზნეო ხელისუფლებაზე, ამიტომ ჩემო კარგებო, გამხნევდით, მაგრად იყავით. ძალიან მაგრად უნდა იყოთ, რადგან ძალიან დიდი გამარჯვება არის წინ. რაც უფრო მძიმეა ბრძოლა, მით უფრო დიდია გამარჯვება. რაც უფრო დიდია წინააღმდეგობა, მით უფრო დიდებულია გამარჯვება და ეს გამარჯვება ხელის გაწვდენის მანძილზეა.
ბოლოს კიდევ გავიმეორებ, ახალგაზრდები რჩებიან საკუთარი ინიციატიცით და პოლიტიკოსები მათთან ერთად უნდა ვიყოთ, მაგრამ თქვენ გთხოვთ, რომ ინდივიდუალურად მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, გავიაზროთ კარგად და ისე მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ენერგიაც და რესურსებიც უნდა გამოვზოგოთ. დიდი მადლობა, მაგრად იყავით ხალხნო, მაგრად დაჰკარით, ყიჟინა ისმოდეს ყველგან, ვინც ვერ გამოდის სახლიდან, აივნებიდან გავაპროტესტოთ ელემენტარული შეძახილით ათი საათის შემდეგ, რომ „ წადი, წადი, წადი“. აი, ეს უნდა ვაქციოთ ტრადიციად. ამ კომენდანტის საათის დროს აივნებიდან უნდა გადმოვდგეთ და შეძახილით უნდა დავამახსოვროთ ამ რეჟიმს, კი გამომკეტე სახლში, მაგრამ სახლიდანაც ვაპროტესტებ. მჯერა, ამას ვიზამთ, მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს და დაინახოს, რამხელა წინააღმდეგობაშია რეჟიმი ხალხთან. თქვენს მშობლებს ვენაცვალე, თქვენს წინაპრებს ვენაცვალე, რომ აი, ასეთი მაგრები ხართ. არაფერს რომ არ ერიდებით, არ უშინდებით, ძალადობას ვგულისხმობ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.