ნიკა მელია - არც ერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საჯარო მოხელეს მათი ნების საწინააღმდეგოდ ექაჩებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ აქციაზე
27 ოქტომბერს რასაც აკეთებენ, ესეც იქნება კიდევ ერთი ლურსმანი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აიძულებს ხალხს აქციაზე მისვლისკენ.
„ხვალ, 27 ოქტომბერს რასაც აკეთებენ, ესეც იქნება კიდევ ერთი ლურსმანი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე, რადგან არაფერი იმალება ამ პატარა ქვეყანაში. ყველამ ვიცით, როდესაც ძალდატანებით ექაჩებიან ბუღალტრებს, კანცელარიის თანამშრომლებს, დამლაგებლებსა და საჯარო მოხელეებს, უნდა, არ უნდა, ეს ადამიანები მიჰყავთ ამ აქციაზე. ეს ფილმი ნანახი გვაქვს. როდესაც შენ მიერვე ძალდატანებით მოყვანილი და შენ მიერვე ჩამოყვანილი და გამოყვანილი ადამიანი აქციაზე თვალებით გეუბნება, კი ბატონო, მე შენ ძალით გამომიყვანე თავისუფლების მოედანზე, რამდენიმე დღეში არჩევნებია და იქ მე საკადრის პასუხს გაგცემ, აი, ეს მოხდება. ეს ყველაფერიც უნდა დასრულდეს 30 ოქტომბრის შემდეგ. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა ჰქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოში დასაქმებულ საჯარო მოხელეს მათი ნების საწინააღმდეგოდ ექაჩებოდნენ და ეზიდებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ აქციაზე. ამიტომ ესეც დასასრულებელია და 30 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე მისვლის შემდეგ ვიზეიმებთ მრავალმხრივ გამარჯვებას. მათ შორის გამარჯვებას ამ ძალდატანებაზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.