ნიკა მელია - არ ვიცი, გიორგი კერატიშვილმა რა ჩათვალა შეურაცხმყოფელად, ის არის არა მოსამართლე, არამედ ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული
არ ვიცი, გიორგი კერატიშვილმა რა ჩათვალა შეურაცხმყოფელად, ის არის არა მოსამართლე, არამედ ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვიდრე ერთმანეთისთვის სიმართლის თქმას არ შევეჩვევით, არაფერი გვეშველება. ეს ბატონი არანაირი მოსამართლე არ გახლავთ. ადამიანია, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული. სინამდვილეში, შიგნით აცვია „ქართული ოცნების“ მაისური. აბსოლუტური უმრავლესობა ასეთია როგორც საქალაქო სასამართლოში, ისე სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში. რასაც მე ახლა ვსაუბრობ, ამის ნათელი დადასტურებაა მთელი ის პროცესი, რაც უკანასკნელ დღეებში საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, როდესაც მოდიან ზონდერ მოსამართლეები და ბიძინა ივანიშვილი მათ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნას უპირებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა, რომ სამაჯურის მოხსნის საკითხი დროზე განეხილა, რადგან მისი თქმით, სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, რომლებსაც ვალდებულება აქვთ, გაესაუბრონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს.
„მოსამართლემ ხელოვნურად გადადო და მხედველობაში არ მიიღო ადვოკატის, დეპუტატებისა და მათ შორის ჩემი თხოვნა. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ის ცდილობდა, ჩვენი დეპუტატები დღეს ვერც მოხვედრილიყვნენ პარლამენტში და შესაბამისად, მისი კოლეგა, მეგობარი, ალბათ შვებას იგრძნობდა. ამ ადამიანს მოსამართლედ ვერ აღვიქვამ. ეს არის ის ადამიანი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებენ. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია და მით უფრო, როგორც პოლიტიკოსის პოზიცია. ამაზე აზრს ვერავინ შემაცვლევინებს და ვერავინ მაიძულებს, პატივი ვცე ამ ადამიანებს. ეს არ არის სასამართლო. შესაბამისად, შეუძლებელია, დღეს სასამართლოს ვცე პატივი. ეს არის ხალხი, ვინც დაგიჭერს, თუ დაავალებ. თუ ვინმეს ეწყინა, ცივი წყალი დალიოს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ნიკა მელია დღეს დარბაზიდან გააძევა. მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ მას ურეკავენ და ისე იღებს გადაწყვეტილებებს და თუ ასე არ არის, დაიფიცოს, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და თუ ასე საუბარს გააგრძელებს მას გააძევებს.
საბოლოოდ, ნიკა მელიამ არ გაითვალისწინა მოსამართლის მოწოდება და ის დარბაზიდან გააძევეს. პროცესი მის გარეშე გრძელდება.