ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აღარ ენდობა, რადგან მან შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
კითხვაზე, ელოდებიან თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში წასვლის შემდეგ მას შეიწყალებს სალომე ზურაბიშვილი, ნიკა მელიამ აღნიშნა: „გაგანდობთ ერთ ინფორმაციას, სანდო წყაროდან მოპოვებულს, იმდენად აღარ ენდობიან ამ ქალბატონს, რომ პროკურატურაში ტოპ რამდენიმე პროკურორს დაავალეს სასწრაფოდ ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ნიადაგის მომზადება, იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს და ეს შეიძლება გააკეთოს ხუთ წუთში, იმ საქმეებზე რაზეც განაჩენი დგას, ამ ადამიანებს, ანუ „ქართულ ოცნებას“, ჰქონდეს სათადარიგო რაღაცა. ესეც სასოწარკვეთის მანიშნებელია“, – განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.