ნიკა მელია - არ დავუშვებთ არჩევნების გაყალბებას, ჩემს სიცოცხლესაც არ დავზოგავ [ფოტო]
ზუგდიდში, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიცია აქციას მართავს. მათი თქმით, საოლქოს თავმჯდომარე მირანდა მესხი ცესკო-ს დავალებას ასრულებს. ისინი ითხოვენ ახსნა-განმარტებას, რატომ გაიტანეს გუშინ ამომრჩევლის სამაგიდო სიები და რეგისტრატორის ბეჭედი.
„ჩვენ აღვკვეთეთ მათი სამარცხვინო მცდელობა. ბეჭდებს უკვე ცვლიან. თუ მათ კანონი არ დაურღვევიათ, მაშინ რატომ ცვლიან ბეჭდებს?“, – განაცხადა ენმ-ს წევრმა, მაია კალანდიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნიკა მელიას განცხადებით, არ დაუშვებს არჩევნების გაყალბებას.
„ჩემს სიცოცხლესაც არ დავზოგავ. არ დავუშვებთ მათ მცდელობას არჩევნების გაყალბების შესახებ. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნების დარღვევას. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს შესაბამის ინვენტარსა და დოკუმენტაციას კანონის მოთხოვნების სრული დაცვით გადასცემს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გუშინ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. ამ მოთხოვნის მიზეზად კი ის გარემოება დაასახელეს, რომ 50-მდე უბანზე გატანილი იყო სამაგიდო სიები და ბეჭდები, რაც მათი თქმით, დარღვევაა. მესხის განცხადებით, მას კანონი არ დაურღვევია.