ნიკა მელია - ახლა რჩება ამოცანა, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე გადაწყვეტილების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
მელიას თქმით, ახლა შესასრულებელი რჩება კიდევ ერთი ამოცანა, რომ დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდეს.
„ფაქტია, დღეს გვაქვს მოცემულობა, როგორც ადრე, 26 ივნისს იყო – შეიკრიბა „ქართული ოცნების“ დეპუტაცია და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დავეპატიმრებინე. შემდეგ გადაიფიქრეს. რეალურად, ახლა მათი ამოცანა რჩება, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების გარეშე. კოლექტიურად ბექა ოდიშარიებმა უნდა მიაჭირონ ხელი კვლავ იმ ღილაკს, რომელზეც არ უნდათ ხელის მიჭერა, მაგრამ უღირთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს აბსურდულს უწოდებს.
„შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს საქმე. თუ არ ვცდები, დაახლოებით 25 ადამიანი იყო ჩემთან ერთად ბრალდებული. 2012 წლის დეკემბრის თვეში წარმიდგინეს ბრალი, გავიდა შვიდი წელი, უკლებლივ ყველა ადამიანს გაუკეთდა ე.წ. განრიდება, ანუ მათ მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა, შემომატოვეს მხოლოდ მე ამ საქმეში, ვინაიდან 2014-2015 წლებში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩავერთე. აბსურდული საქმე იყო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების – იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ნიკა მელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. 332-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რაც სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, მელია დამნაშავედ იქნა ცნობილი და 25 000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა, ხოლო 205-ე მუხლში გამართლდა (ქონების დამალვა მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით).
რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, ადეიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას სასჯელის სახით ხუთი წელი და სამი თვე მიესაჯა.
ამასთან, ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლით და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.