ნიკა მელია - ახლა ოპოზიციას იმდენად დიდი უპირატესობა აქვს, რა ტიპის არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება
ნიკა მელია - ახლა ოპოზიციას იმდენად დიდი უპირატესობა აქვს, რა ტიპის არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება

ჩვენ „ქართული ოცნებისთვის“ ვართ მტრები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე აქ არ ვარ „რუსული ოცნების“ ოპონენტი, ეს მათი გადმოსახედიდან. მათი მტერი ვარ, ასე მიყურებენ, მე და საქართველოს ასი ათასობით მოქალაქეს, მთელ ოპოზიციას. კლასობრივი მტერი ვარ და არ მიკვირს, ვინაიდან 12 პუნქტის შესრულება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ოლიგარქიული ხელისუფლება, რეჟიმი მარცხდება“, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ოთხი დეპუტატი გამოდის და აშშ-ს ადანაშაულებს, რაშიც „ქართული ოცნებაც“ ეთანხმება.

„გამოდის ეს ოთხეული, უკვე კობახიძის მიერ ბეჭედდასმული, რომ ისინი ერთი გუნდი არიან და ეს კვარტეტი არ წარმოადგენს გზააბნეულ დეპუტაციას, გამოდიან და აშშ-ს სთხოვენ, ანგარიში წარმოადგინონ, რაში ხარჯავენ ფულს. ეჭვი შეაქვთ, რომ ის ფული, რაც 30 წლის განმავლობაში იხარჯება, იხარჯება საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოსათხრელად, მაშინ, როდესაც, ახლა ჩვენ რომ ვსაუბრობთ, ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია მართლა რეალური მტრის მიერ და ამაზე ერთი სიტყვა არასდროს არ დასცდენიათ. ეს არ არის ბალანსი და ეს არ არის სიფრთხილე, ეს ჩემთვის კაპიტულაციაა“, – განაცხადა მელიამ.

როგორც ნიკა მელიამ ასევე აღნიშნა, ბევრი ჟურნალისტი საუბრობს დეპოლარიზაციაზე და დეოლიგარქიზაციაზე, მაგრამ თუ ევრორეკომენდაციების შემდეგი ათი პუნქტი, მოთხოვნა მოწესრიგდება, რომელიც უკავშირდება ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ეკონომიკურ წინსვლას, სასამართლოს სწორ და სამართლიან, მიუკერძოებელ სისტემას, ავტომატურად მოგვარდება პოლარიზაციის საკითხიც და ოლიგარქიის პრობლემაც.

„რა თქმა უნდა, ავტომატურად გვარდება არჩევნების ჩატარების სამართლიანობის საკითხი“, – განაცხადა მელიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო რეფორმის პროექტს, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ რეფორმას, რომელიც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას არ გულისხმობს, პარტია მხარს არ დაუჭერს.

„უბრალოდ, ინიციატორ ბატონ კობახიძეს მოუნდა, რომ კვლავ უწოდოს ამას წარმატებული რეფორმა, რომელიც არის თავშივე განწირული, ისევე, როგორც მთელი ტალღების სახით განახორციელეს რეფორმები სასამართლო სისტემაში და ვითარება გაუარესდა“, – განაცხადა მელიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იყო თუ არა 3 ივლისი ოპოზიციისთვის ხელიდან გაშვებული შანსი, რადგან აქციაზე ბევრი ადამიანი მივიდა ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად, მაგრამ აქცია ორგანიზატორებმა გეგმის გამოცხადების გარეშე დაშალეს და ის მუხტი, რაც მაშინ იყო, გაქრა, მელიამ განაცხადა, რომ შეიძლება, ეს მუხტი ამ წუთის მდგომარეობით მინავლდა, მაგრამ მუხტი არსად გამქრალა.

„მიმაჩნია, რომ მუხტი არსად არ გამქრალა და ვერც გაქრება. შეიძლება, ამ წუთის მდგომარეობით მინავლდა, მაგრამ სწორედ ასეთი ერთი შეხედვით მიწყნარებული ვითარების უნდა ეშინოდეს პირველ რიგში „რუსულ ოცნებას“, – განაცხადა მელიამ.

გადაცემის წამყვანმა ნიკა მელიას ბოლო ეთერის დროს დასმული შეკითხვაც შეახსენა, რომ თუ ხელისუფლება არ დათანხმდებოდა ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეას, რა იყო ოპოზიციის შემდგომი გეგმა, რამაც მაშინ მისი გაღიზიანება გამოიწვია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ახლა ოპოზიციას იმდენად დიდი უპირატესობა აქვს, რომ რა ტიპის არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს და ხელისუფლებამ არჩევნები რა სისტემის ფარგლებშიც არ უნდა ჩაატაროს, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება.

შეკითხვაზე, არის თუ არა დღეს ოპოზიცია იმ ფორმაში, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში გამარჯვების შანსი ჰქონდეს, მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციას ნამდვილად აქვს გამარჯვების შანსი და ვინც ფორმაში არ არის, ის ოპოზიციურ ველზე ყოფნას არ იმსახურებს.

ამასთან, ნიკა მელიამ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც და პარტიის ზოგიერთი მხარდამჭერის კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი პირველ პლანზეა და გამოსავლად „ქართულ ოცნებაზე“ გამარჯვება ესახება.

„საკმარისად მიცნობენ იმისთვის, რომ მენდონ და არის საკითხები, რომლებზეც პასუხის გაცემა შეურაცხმყოფელიცაა და არც არასდროს გავცემ. არათუ მეორე პლანზე გადავწიე მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტპატიმრის გათავისუფლების საკითხი, ჩემი ღრმა რწმენით, გადაჭარბების გარეშე, თავმდაბლობის გარეშე, პირველ პლანზე თუ სადმე გადმოსაწევი იყო, გადმოვწიე.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის მოგვარების, გამოსავლის მოძებნის გზად მესახება გამარჯვება „ქართულ ოცნებაზე“ და ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არის იქ, სადაც არის, და არის ჩრდილოვანი მმართველი, მე არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ შედეგზე გავიდეთ და ძალიან ბევრი თანამებრძოლი ვართ ჩვენ. თანამებრძოლები რა ნიშნით ერთიანდებიან? თანამებრძოლს თქვენ მეგობრობის ნიშნით ირჩევთ მხოლოდ? არა, მე ვფიქრობ, შედეგზე გასვლის ნიშნით. მე მყავს ბევრი მეგობარი, მაგრამ ის არ არის ჩემი თანამებრძოლი. ამიტომ მე მგონია, რომ ჩვენ მიზნის მიღწევისკენ მივდივართ და ის კრიტიკულად განწყობილი თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგ შემთხვევაში გულწრფელი ამომრჩეველი და ზოგ შემთხვევაში აბსოლუტურად არაგულწრფელი, და კაციშვილმა არ იცის, ვინ არის, რა არის სოციალურ ქსელში, ისინიც კი დარწმუნდებიან ( ბევრს არ გაუხარდება, ბევრს გაუხარდება), რომ ეს სტრატეგია იყო სწორი“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.