ნიკა მელია - ახლა მნიშვნელოვანია, საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ჩვენ ადამიანებს კი არ ვიყენებთ, არამედ მიზანია მათი კეთილდღეობა და უკეთესი მომავალი
ახლა მნიშვნელოვანია, საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ჩვენ ადამიანებს კი არ ვიყენებთ, არამედ მათი კეთილდღეობა და უკეთესი მომავალია მიზანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, ეს უნდა შეძლონ.
„ვფიქრობ, ამ დღეებში, მომდევნო კვირებში ჩვენ ეს უნდა შევძლოთ და შევძლებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თურნავას თანამდებობიდან გადაყენება, გაგდება, ხალხის მიერ იძულება, რომ გადადგეს. მნიშვნელოვანია თანმიმდევრულად ოპოზიციისა და საზოგადოების მხრიდან მცირე გამარჯვებების მოპოვება. ამ გზას უნდა მივყვეთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ამასთან, ნიკა მელიას კითხვა დაუსვეს ოპოზიციის მიერ რუსთაველზე დააანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა ამ აქციას შეუერთდეს.
„არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას, ვინ რომელ საათზე, რა დროს, რის შემდეგ ჩანიშნა აქცია. ეს ნამდვილად მეასეხარისხოვანია და ამ საკითხის სიღრმეებში შესვლა არ მინდა. ვიქნები იქ, სადაც, მჯერა, რომ ჩვენი შვილების მომავალი წყდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, თავის თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ბანკთან აქციას მართავს. ასევე დღეს, 19:00 საათისთვის ოპოზიციამ აქცია დააანონსა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან.