არჩევნებისთვის სამზადისს როდესაც იწყებ და არჩევნებს ნიშნავ, ეს უკვე, რბილად რომ ვთქვათ, ყურადღებას ადუნებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბრისას „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების დროს კონკურენციის პროცესი იწყება, პარტიაში კონკურენტული გარემო იქმნება, მაშინ, როცა პარტია უდიდესი გამოწვევის წინაშეა.
„ვიცოდი, რომ დღევანდელი დღე დადგებოდა, ჩვენ მოგვიწევდა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე უდიდესი ყურადღების გადატანა და ამ პროცესში შეუძლებლად გვესახებოდა რაიმე ტიპის სხვა ღონისძიებების ჩატარება, არათუ შიდაპარტიული არჩევნების. როდესაც არჩევნებისთვის სამზადისს იწყებ და არჩევნებს ნიშნავ, ეს უკვე, რბილად რომ ვთქვათ, ყურადღებას ადუნებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ. მეორე მხრივ, როცა არჩევნები იმართება, კონკურენციის პროცესი იწყება, კონკურენტები ვხდებით, კონკურენტული გარემო იქმნება, პაექრობა იმართება და ამ დროს ვართ უდიდესი გამოწვევის წინაშე. ძალიან ბევრი რამ არ ვთქვი და ალბათ არც ვიტყვი, მაგრამ რაღაცებზე მომიწევს საუბარი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შიდაარჩევნები დასრულდება ისე, როგორც ეკადრება „ნაციონალურ მოძრაობას“, მიუხედავად იმისა, რომ სტარტი იყო ძალიან მძიმე და არასასიამოვნო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პარტიაში თავისივე ჩანიშნულ შეხვედრას არ დაესწრო და პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში წავიდა.
„ძალიან ბევრიც რომ ვისაუბრო იმ საკითხების თაობაზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველსა და საზოგადოებას აინტერესებს, მიმაჩნია, იმ პროცესს, რომელსაც, როგორც თავმჯდომარე, ვუფრთხილდებოდი, თავად დავაზიანებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, პეტრე ცისკარიშვილი, გენერალური მდივანი იცით, ხომ? მეც მეგონა, რომ ვიცოდი, ვიცნობდი და აბსოლუტურად ვენდობოდი. გაჩნდა ეჭვი ერთი ისტორიით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მე და პეტრემ ვისაუბრეთ, რომ ზეგ, 11:30 საათზე ჩავატაროთ შეხვედრა. შევთანხმდით, პეტრემ საკომუნიკაციო ჩატში თავად ჩაწერა, ხვალ, 11:30 საათზე შევიკრიბოთო. მოვიდა 11:30 საათი, ყველა გამოვცხადდით, იყო რომან გოცირიძე, ყველა, პეტრე ცისკარიშვილი კი, კაცი, რომელმაც თავად ჩაწერა ამის შესახებ, მიხეილ სააკაშვილის საჯარო ბიბლიოთეკაში წავიდა. მართალია, ბრიფინგზე არ დამდგარა, მაგრამ იქ იყო. რატომ ვყვები ამას? არის ვითარება ცხოვრებაში, მოცემულობა, როცა ძალიანაც რომ მინდოდეს, დავიჯერო, ეს შემთხვევით მოხდა, ვერ დავიჯერებ. გენერალური მდივანი გქვია პარტიაში, პატივს გცემ, ურთიერთობა გვაქვს, ხომ უნდა შემოხვიდე, გვერდით ოთახში ზიხარ. როცა ასეთი ნაბიჯი იდგმება, მაპატიეთ, მაგრამ ვითარება მხოლოდ იძაბება და ვნებათაღელვა მატულობს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ამასთან, კითხვაზე, – როგორია თქვენი რეაქცია, როცა საუბრობთ იმ დღეზე, როდესაც ჩართეთ ტელევიზორი და ნახეთ, თქვენი პარტიელები ბრიფინგს ატარებენ? – ნიკა მელიამ განაცხადა, რომ იმ დღეს რამდენიმე ადამიანმა არასასიამოვნოდ გააკვირვა.
„ძალიან ბევრმა სასიამოვნოდ გამაკვირვა, უსიამოვნოდ გამაკვირვა რამდენიმე ადამიანმა, როცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ ურთიერთობა გვაკავშირებდა. მომავალში, შესაძლოა, როგორც ამბობენ, შელახული მეგობრობა აღდგეს, მაგრამ ისეთივე ვერასდროს იქნება. გააჩნია „შეცდომის ხარისხს“. ერთი ადამიანიც რომ იყოს, ვისაც აქვს მოლოდინი ან გაუჩნდება მოლოდინი, მე სკამს ვებღაუჭები, ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. თუკი რამე გამიკეთებია, ის, რაც 9 ნოემბერს ვიხილე რამდენიმე ადამიანის მონაწილეობით, რომლებსაც პარტიაში დასაყრდენ ძალებად მივიჩნევდი, არ დაგიმალავთ, ისიც მიკვირს, კიდევ როგორ შევძელი რაიმე. ეს პროცესი არ დაწყებულა არც ხუთ, არც ექვს, არც შვიდ ნოემბერს. ადამიანებს, რომლებიც ამ გეგმის უკან დგანან, ამისი სურვილი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ, უბრალოდ მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ყოველთვის ვცდილობდი, ამაზე არ მელაპარაკა და დღესაც არ ვსაუბრობ. უკვირთ და შეკითხვა ყოველთვის არის, ამ ყველაფერზე რატომ არ საუბრობდი, ჩვენ რატომ არ ვიცოდითო. მიმაჩნდა, არ უნდა სცოდნოდათ, ვინაიდან ჩემთვის, როგორც პარტიის თავმჯდომარისთვის, მნიშვნელოვანი იყო, პარტიაში ბევრ ადამიანს არ სცოდნოდა ბევრი რამ, რაც დადებით რეაქციებს არ გამოიწვევდა. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს ეს ყველაფერი გაეთვალისწინებინათ, თუნდაც დაეფასებინათ, რომ ვიჩენ პასუხისმგებლობას, მოიქცნენ სრულიად საპირისპიროდ. ჩემი შეცდომა იყო თუ არა, ამაზე რომ არ ვსაუბრობდი? ვფიქრობ, არ იყო, რადგან არ ველოდი, თუ ასე მოიქცეოდა სამი-ოთხი ადამიანი და წინ დაიყენებდნენ, მაგალითად, ახალგაზრდებს და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდნენ. არც 2021 წელი, არც 2022 წლის თვეები არ მაძლევდა არც უფლებას და არც შესაძლებლობას, მესაუბრა იმაზე, რაც ჩემთვის უკვე ძალიან მძიმე იყო. ადამიანებს, ნაცვლად იმისა, რომ წვლილი შეეტანათ კონსოლიდაციასა და პარტიის გაერთიანებაში, სხვა ინტერესები ამოძრავებდათ და მე ნამუსი ძალიან ბევრს შევუნახე ისევ პარტიის ინტერესების გათვალისწინებით. სხვათა შორის, ძალიან ნიშანდობლივია სიმბოლური დამთხვევა, 2020 წლის 9 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა განცხადება მოულოდნელად, რა დროს აქციებია, მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდეთო, პრაქტიკულად გააჩერა საპროტესტო მოძრაობა. სამწუხაროდ, ინდივიდუალურად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ახლაც, 9 ნოემბერს გაკეთდა ის განცხადება საჯარო ბიბლიოთეკაში. სიმბოლური დატვირთვა აქვს, ჩემთვის შემთხვევვით არაფერი ხდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.