ნიკა მელია აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ შეხვდა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეხვდა თუ არა სალომე ზურაბიშვილს, ნიკა მელიამ აღნიშნა: „არის საკითხები, რომელზეც შეიძლება, ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო. არ უარვყოფ, რომ ზურაბიშვილს შევხვდი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილთან არაერთხელ მქონია შეხვედრა“.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი გასცდა არათუ ოჯახის წუხილის, არა უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავ საკითხს, შეიძინა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიზნებსა და ამოცანებთან.
„ყველანი ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ ქვეყნის განვითარების ვექტორზე, არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვითარების ვექტორზე, არამედ, ზოგადად, როგორები გვინდა, რომ ვიყოთ. გვინდა, რომ ვკლავდეთ კვლავ პრეზიდენტს, რასაც ავტომატურად მოჰყვება რკინის ფარდის ჩამოწევა და რკინის ფარდის მიღმა აღმოჩენა ლუკაშენკოს ბელორუსთან და პუტინის რუსეთთან ერთად თუ დეკლარირებულად უკვე ვხდებით ცივილიზებული სამყაროს ნაწილი? ეს დევს დღეს სასწორზე. მიხარია, რაც შეიძლება ბევრი და ბევრი ადამიანი ხვდება, სად არის სიმართლე და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო აშკარად იზრდება სოლიდარობა.
ევროპული მომავალის სტატუსი, რომელსაც თაობები მუდმივად ესწრაფოდნენ, სამწუხაროდ, სრულფასოვნად ვერ მოვიპოვეთ. დღეს გაჩნდა ეს შანსი გარემოებებიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ერთი ათად არის დაჩქარებული და საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა არის გახსნილი. ამის შემაფერხებელ ფაქტორად იქცა მიხეილ სააკაშვილის უმძიმესი მდგომარეობა. რაც არ უნდა იძახოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ის ჰყავთ არაჩვეულებრივ პირობებში, ფაქტია, ადამიანი რაც საავადმყოფოში მოთავსდა, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია.
დღეს გვაქვს დილემა, ჩვენ ვწირავთ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და ვეგუებით მის სიკვდილს, ამავე დროს ვეგუებით მრვალი წლით ქვეყნისთვის დასავლურ მომავალზე უარის თქმას. ყულფი არის მოჭერილი სახელმწიფოს კისერზე და გასათავისუფლებელია არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, არამედ სახელმწიფოსთვის არის ევროპული განვითარების შანსი შესანარჩუნებელი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.