ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიცია ხვალ თბილისში რამდენიმე აქციას გამართავს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიცია ხვალ თბილისში რამდენიმე აქციას გამართავს. მისი თქმით, აქციები 11:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან.
„ხვალ დილიდან 11:00 საათზე ერთრდოულად სამ ადგილას გაიმართება აქცია. იუსტიციის სამინისტროსთან, მოდულის შენობასთან, სადაც მთელი სიბოროტეა და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია, ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, იქნება მეოთხე ადგილასაც აქცია, რომელსაც ახლა განგებ არ დავასახელებ. ყოველდღე შევეგუოთ, რომ ბრძოლა იქნება დამღლელი, მაგრამ დიდი გამარჯვებები. დილიდან ენერგია უნდა გამოვაცალოთ რეჟიმს და არა ღამისთევებით რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. აპრობირებული მეთოდია ბრძოლის გაშლის სხვადასხვა ფრონტზე. წუწუნის დრო არ არის, ბრძოლის დროა. ყოველ დღე დილიდან ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება. გეგმებს შეგატყობინებთ ხოლმე რამდენიმე წერტილთან მიმართებაში. ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ დავასახელებ და იმტვრიონ თავი „ქართული ოცნების“ სპეცდანიშნულების რაზმებმა, თუ პოლიციის უფროსებმა. ძალღონე უნდა მოვიკრიბოთ. გამარჯვება იქნება ჩვენს მხარეს. გვახსოვდეს, რომ ადამიანი მე-40 დღეა, შიმშილობს და სახლში ჯდომის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ღამის თენება არ არის აუცილებელი, მაგრამ დილიდან მთელ თბილისში გაშლა ამ პროტესტის ხვალიდან მოხდება.
ხვალ თუ რამე არ შეიცვლება, იცით, რომ 13:00 საათზე გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო. წესით და რიგით უნდა გადმოიყვანონ საქალაქო სასამართლოში. 11:00 საათიანი აქციების შემდეგ, როდესაც დადასტურდება, რომ სასამართლო იქნება 13:00 საათზე, ყველანი გადავალთ დიღომში და დამატებით ადამიანები შემოგვიერთდებიან საქალაქო სასამართლოს ეზოში. იქ უნდა ვიყოთ ბევრნი, მაგრამ მშვიდი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.