ნიკა მელია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები გაურკვეველ კამპანიებს აწარმოებენ, რაც იღებს სამარცხვინო სახეს, ჩანს არაფორმალური გავლენების კვალი
საარჩევნო კამპანიასა და პერიპეტიებში გართულებს, გვავიწყდება მთავარი გამოწვევა, რაც დგას ქვეყნისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე — მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა. ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხზე შევჯერდეთ და ერთიანი პოზიცია გვქონდეს, კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განცხადებით, „ეს პროცესი ოფიციალურად ჯერ არც დაწყებულა და უკვე სცდება ნორმალური პოლიტიკური პროცესის ფარგლებს, იღებს სამარცხვინო სახეს, რაც შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც პარტიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის“.
„მეგობრებო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უფრო მძიმდება. ოჯახის და ადვოკატების ინფორმაციით, ავტორიტეტული ექსპერტების დასკვნები დასრულებულია და შესაბამისად, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით სასამართლოს ამ დღეებში მიმართავენ შუამდგომლობით.
შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მისაღებია კონკრეტული გადაწყვეტილება. სწორედ აქ უნდა ვიყოთ ერთიანები და პატივი ვცეთ ერთმანეთს. როგორც ჩანს, საარჩევნო კამპანიასა და პერიპეტიებში გართულებს, გვავიწყდება მთავარი გამოწვევა, რაც დგას ქვეყნისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე — მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა.
ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხზე შევჯერდეთ და ერთიანი პოზიცია გვქონდეს, კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს. სამწუხაროდ, ეს პროცესი ოფიციალურად ჯერ არც დაწყებულა და უკვე სცდება ნორმალური პოლიტიკური პროცესის ფარგლებს, იღებს სამარცხვინო სახეს, რაც შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც პარტიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.
ოპონენტები ბევრს საუბრობენ საჯაროობაზე, გამჭვირვალობასა და დემოკრატიაზე, ამ დროს კონცეპტუალური სვლები საერთოდ კულისებიდან კეთდება და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კულუარული/არაფორმალური გავლენების კვალი. ოპონენტები იდეებითა და პროგრამებით ბრძოლას გაურკვეველი წარმომავლობის კომპრომატებით ბრძოლას ამჯობინებენ.
მოგეხსენებათ, იმთავითვე ვამბობდი, რომ ასეთ დროს და ასეთი ფორმით საარჩევნო მარათონის გამოცხადება, რბილად რომ ვთქვათ, უადგილო იყო, მაგრამ უკვე ახლა, არსებულ ვითარებაში არჩევნები უკვე აუცილებელია, რომ პარტიამ შეძლოს ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. ამდენად, ჩემი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს ეს არჩევნები, რათა დროულად ვფოკუსირდეთ მთავარ გამოწვევაზე და ახლაც, არჩევნებამდეც, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გაყვანის საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს და უნდა ვიფიქროთ შემდგომ ნაბიჯებზე, ასეთი ტიპის საარჩევნო კამპანიის პრიორიტეტად ქცევა საერთოდ არასწორად მიმაჩნია.
ვერცერთი კანდიდატი ვერ გამოვა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული, თუ საერთო ბრძოლაში დავმარცხდებით!“ – წერს ნიკა მელია.