ნიკა მელია აცხადებს, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე გახდება
ნიკა მელია აცხადებს, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე გახდება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე გახდება. ამის შესახებ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორ მელიამ აღნიშნა, კირთაძე არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომლის პოლიტიკური გამოცდილება საჭიროა მთელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

„მსურს, გაცნობოთ მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ უახლოეს დღეებში, შიდაპარტიული არჩევნების დასრულების შემდეგ. სიახლე, მოდერნიზაცია, ჯანსაღი კონკურენცია და რეგიონული ლიდერებისთვის ცენტრალურ დონეზე ასპარეზის გახსნა ყოველთვის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სიცოცხლისუნარიანობის და ევროპული მიდგომების არსებითი ნიშან-თვისება. მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვიყავი და ვიქნები ამ პოლიტიკური ტრადიციის ერთგული, რომ ხელი შევუწყო ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერების მოსვლას „ნაციონალურ მოძრაობაში“, რათა ერთად გავაძლიეროთ პარტიის მებრძოლი გუნდი. მიმაჩნია, რომ ტრადიცია და ნოვატორობა, გამოცდილება და ახალი ენერგია არის გამარჯვებისკენ მიმავალი გზის აუცილებელი წინაპირობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევინარჩუნებთ ერთგულებას განვლილი გზის და გამოცდილების მიმართ, ამავე დროს არასოდეს დავუხურავთ გზას ახალ იდეებს და ახალ ადამიანებს. დღეს ჩვენი პოლიტიკური ძალის, მთელი პოლიტიკური კლასის და მთლიანად ქართული საზოგადოების წინაშე არსებობს მწვავე პოლიტიკური, მორალური და მსოფლმხედველობითი საკითხები, რომელთა გადაწყვეტას სჭირდება ქმედითი, ენერგიული პოლიტიკოსების და მოფიქრალი ინტელექტუალების გარჯა.

პოლიტიკოსი, რომელიც ჩემ გვერდით დგას, არის ბათუმის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი კირთაძე. კაცი, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში ბათუმში პარტიას გამარჯვება მოაპოვებინა. გიორგი კირთაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ათასობით მხარდამჭერთან ერთად, გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ პატრიოტიზმის, პოლიტიკური იდეალიზმის, მუხლჩაუხრელი შრომის და პოლიტიკური პრაგმატიზმის წინაშე უძლურია ხელისუფლების მახინჯი და ბოროტი მანქანა, უძლურია ფული და დაშინება. გიორგი არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომლის ბრძოლა და პოლიტიკური გამოცდილება მისაღები, საჭირო და გასაზიარებელია მთელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. გიორგი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტიის ძალიან საკვანძო – გენერალური მდივნის პოზიციიდან პარტიას მოამზადებს „ნაციონალური მოძრაობის“ და საქართველოს გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.