ნიკა მელია - 20 ივნისის ღამეს მე ვთქვი, რომ შევიდეთ პარლამენტის ეზოში და დიახაც, ეს იყო მოწოდება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თავმჯდომარე ნიკა მელია 20 ივნისის ღამეს პარლამენტი შენობის წინ, აქციაზე მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „რა თქმა უნდა, ეს იყო მოწოდება“.
ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას – იყო თუ არა მოწოდება მისი განცხადება: „ხალხო, აქ ჩვენ არაფერი გვესაქმება პარლამენტის წინ, ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში“.
„მე ვთქვი პარლამენტის ეზოში, ხელებაწეულები და არა პარლამენტში. დიახაც, ეს რა თქმა უნდა იყო მოწოდება. ეს არის გავრილოვის საქმის ფარგლებში დაკისრებული რაღაც სანქცია, რომელიც გულისხმობდა სამაჯურს, პასპორტის ჩამორთმევასაც და მერე ამიკრძალეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიტყვით გამოსვლის უფლებაც. გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ მელიას არ აქვს უფლება მიტინგზე სიტყვით გამოვიდეს, მაინც გამოვდიოდი.
ეს განცხადება აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო და გეტყვით, რატომ. ეს განცხადება გაკეთდა ზუსტად ხუთ წუთში მას შემდეგ, რაც ბაქოში მყოფმა, ბატონმა კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ ის არსად წასვლას არ აპირებდა და თანამდებობას არ დატოვებდა. ამიტომ, გაკეთდა ის განცხადება, რომელიც გაკეთდა, რათა პროტესტი გამხდარიყო კიდევ უფრო მკვეთრი, თორემ პარლამენტის შენობაში ფიზიკურად რა გვინდოდა. სულ თავიდან მე პარლამენტის შენობაში, დარბაზში ვიყავი და გამომაძევეს ფიზიკური ძალის გამოყენებით. ასე აღმოვჩნდი მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
20 ივნისის მოვლენებზე ჩემს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან გავრილოვის ღამე გრძელდება და ამ ყველაფრის ერთ-ერთი შემოქმედი – ბატონი კობახიძე ისევ არის პარლამენტის წევრი და არის ის, ვინც არის. ეს ნამდვილად ჩემი პასუხისმგებლობაც არის. ეს არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი ჩაჯდა იმ სავარძელში და სხდომა წაიყვანა რუსულ ენაზე. ნებისმიერ თავმოყვარე ერს ექნებოდა ის რეაქცია, რაც ჰქონდა. მეც ერთ-ერთი ვიყავი იმ ადამიანთაგან, ვინც რუსთაველის გამზირზე ვიმყოფებოდი. გავიმეორებდი კიდევ ასჯერ იმავეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.