ნიკა მელია - 14 ოქტომბერს უნდა შევიკრიბოთ, რათა 32 წლის განმავლობაში მეორეჯერ არ ვჭამოთ სირცხვილი და ჩვენი მოქმედებით თუ უმოქმედობით მეორეჯერ არ მოვკლათ საქართველოს პრეზიდენტი
14 ოქტომბერს უნდა შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე, რათა 32 წლის განმავლობაში მეორეჯერ არ ვჭამოთ სირცხვილი და ჩვენი მოქმედებით თუ უმოქმედობით მეორეჯერ არ მოვკლათ საქართველოს პრეზიდენტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მთელი პასუხისმგებლობა ახლა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, არც მეტი და არც ნაკლები, ამ ერთ ადამინს, ბიძინა ივანიშვილს. რა თქმა უნდა, დანარჩენი და ძალიან ბევრი დამოკიდებულია საქართველოს მოსახლეობაზე. დიდი ნაწილი უნდა შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე, 14 ოქტომბერს, რათა მართლაც, სირცხვილი არ ვჭამოთ უკანასკნელი 32 წლის განმავლობაში მეორეჯერ და ჩვენი მოქმედებით თუ უმოქმედობით მეორეჯერ არ მოვკლათ, ჩვენი საქართველოს პრეზიდენტი. აქ ზრუნვა მიხეილ სააკაშვილს კი არ სჭირდება, პირველ რიგში. მიხეილ სააკაშვილს ზრუნვა, რა თქმა უნდა, სჭირდება და მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის უნდა ვიბრძოლოთ. პირველ რიგში, ბრძოლა სჭირდება ამ ქვეყნის ღირსებას, ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება და ოთხშაბათს, 18:00 საათზე, როდესაც ვიქნებით ძალიან, ძალიან ბევრნი, მთელმა საერთაშორისო, ცივილიზებულმა სამყარომ უნდა დაინახოს კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ, თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს ასეც იქნება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი იმასაც უნდა აცნობიერებდეს და დარწმუნებული ვარ უკვე აცნობიერებს, თუ რამდენად საშიშ ცეცხლს ეთამაშება, რამდენად საშიში, ფეთქებადი ვითარებაა უკვე ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, კეთილი უნდა ინებოს და აიღოს მთელი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება. დამარცხდება იმიტომ, რომ მისი მხრიდან მთელი ქვეყნის, სახელმწიფოსა და საქართველოს მოსახლეობის აბუჩად აგდება ვეღარ გაგრძელდება დიდხანს, ხალხნო, გამორიცხულია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.