ნიკა მელია - 11 დეკემბერს ოპოზიცია კიდევ ერთხელ წარდგება განცხადებით, რომ არავინ მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო მასკარადში, თუ ვინმე ხელს არ მოაწერს განცხადებას, ყველაფერი გასაგები გახდება
ნიკა მელია - 11 დეკემბერს ოპოზიცია კიდევ ერთხელ წარდგება განცხადებით, რომ არავინ მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო მასკარადში, თუ ვინმე ხელს არ მოაწერს განცხადებას, ყველაფერი გასაგები გახდება

11 დეკემბერს ოპოზიცია საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება განცხადებით, რომ არავინ არ მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო მასკარადში, თუ ვინმე ხელს არ მოაწერს განცხადებას, ყველაფერი გასაგები გახდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს „ლელოს“ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მელიამ იმედი გამოთქვა, რომ არც ერთი ოპოზიციონერი პარლამენტში არ შევა.

მისივე თქმით, თუ ვინმე შევა პარლამენტში, ის არ იქნება ოპოზიციონერი, არამედ იქნება „თაკარა მზის ქვეშ გახუნებული პუფი“.

„11 დეკემბერს ოპოზიცია საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ საჯაროდ წარდგება დაწერილი განცხადებით დასტურად იმისა, რომ არავინ არ იღებს ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო მასკარადში მონაწილეობას. ვინმე თუ არ დაწერს განცხადებას, ამასაც ვიხილავთ. თუ ვინმე არ მოაწერს ხელს, გასაგები გახდება ყველაფერი. ნათქვამ-ნამოქმედარს ჭეშმარიტი ფასი დაედება პარასკევს, 11 დეკემბერს. ვინც დაწერს, ე.ი. ის უარს ამბობს ბიძინა ივანიშვილის გაფორმებულ არჩევნებზე, ვინც არ დაწერს, ის უბრალოდ იღებს ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებს.

მე არ მინდა აღმოჩნდეს ერთი ოპოზიციონერიც კი, ვინც შევა „ქართული ოცნების“ რიგებში. მე ყველაფერს ვაკეთებდი და ვაკეთებ ჩემს კოლეგებთან ერთად, რომ ასეთი ადამიანი არ აღმოჩნდეს. ეს ადამიანი არ იქნება ოპოზიციონერი, მეტიც ის „ოცნების“ სრულფასოვანი წევრიც არ იქნება. როგორც გუშინ ვთქვი, ის იქნება თაკარა მზის ქვეშ გახუნებული პუფი. ასეთი იერსახე ექნება ნებისმიერ ოპოზიციონერს, ვინც იქ შევა. მე მინდა, რომ არავინ არ შევიდეს. არანაირი არგუმენტი, არანაირი მიზეზი და საბაბი არ მიიღება იმის გასამართლებლად, რომ პარლამენტში ვინმე შევიდეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, მან უარყო, რომ შეხვედრაზე მასსა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს შორის დაპირისპირება იყო.

„დაპირისპირება ჩემსა და ვაშაძეს შორის არ იყო, საუბარი მაღალ ტონალობაში შეიძლება ყოფილიყო“, – აღნიშნა მან.