მიმაჩნია, რომ კარგი მოწინააღმდეგე გვყავს, რადგან ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე სუსტი გუნდი ვერ მოხვდებოდა, – ამბობს „საბურთალოს“ მცველი ნიკა მალი ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „არარატ არმენიასთან“ შეხვედრამდე. ამის მიუხედავად, „საბურთალოს“ მცველი იმედოვნებს, რომ გუნდი ამ ბარიერს გაივლის.
„გუნდში კარგი განწყობაა. ჩვენი მიზანი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად ეს ბარიერი უნდა დავძლიოთ, შემდეგ პლეიოფში რომ მოვხვდეთ და წინ წავიწიოთ“, – აღნიშნავს ნიკა მალი.
„საბურთალოს“ ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი აღნიშნავს, რომ ეცდებიან კარგად ითამაშონ და სასურველ შედეგს პირველსავე შეხვედრაში მიაღწიონ.
„შერიფთან“ და ზაგრების „დინამოსთან“ ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და მიმაჩნია, რომ ეს „არარატთან“ ძალიან წაგვადგება“, – აცხადებს სანდრო ალთუნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „არარატ არმენიასა“ და „საბურთალოს“ მატჩი 6 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.