ქართველი ხალხის და პოლიტიკური ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევა დაასრულებს არალეგიტიმურ რეჟიმს, – ამის შესახებ მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ რუსთაველის გამზირზე მსვლელობისას განაცხადა.
როგორც ნიკა მაჭუტაძემ აღნიშნა, აქციის ორგანიზატორები სამოქმედო გეგმებზე პარლამენტის გამზირზე განაცხადებენ.
„ქართველი ხალხისა და პოლიტიკური ოპოზიციის კონსოლიდირებული, ერთობლივი ძალისხმევა დაასრულებს ამ ყოვლად არალეგიტიმურ და ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, რომელსაც ჰქვია ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმი. საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც ექვემდებარება პუტინის რუსეთს და ცდილობს საქართველოს შინაგანი წყობილება რუსეთის შინაგან წყობილებას დაამსგავსოს. ანუ გამოირიცხოს დემოკრატია, პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები.
სამოქმედო გეგმაზე განცხადებები პარლამენტის წინ გაკეთდება. ჩემი აზრით, ეს პარლამენტი, რომელიც არის სავსებით უნამუსო და სამარცხვინო, არ იმსახურებს, იყოს ქმედუნარიანი. ყველა კონსტიტუციური და სამართლიანი გზის გამოყენებას ვაპირებთ, რათა ქართველმა ხალხმა დაიცვას პოლიტიკური თავისუფლება“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.