ნიკა მაჭუტაძე - პრეზიდენტმა წარმოადგინა ის საქართველო, რომელიც 1921 წელს გააძევეს, გამოიხმო დიდი სახელი ნიკო ნიკოლაძისა, შეგვახსენა, რომ მისი მოვალეობაა, იყოს ევროპული მომავლის აპოლოგეტი
ნიკა მაჭუტაძე - პრეზიდენტმა წარმოადგინა ის საქართველო, რომელიც 1921 წელს გააძევეს, გამოიხმო დიდი სახელი ნიკო ნიკოლაძისა, შეგვახსენა, რომ მისი მოვალეობაა, იყოს ევროპული მომავლის აპოლოგეტი

სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი პოზიციით ნამდვილად წარმოადგინა ის საქართველო, რომელიც 1921 წელს გააძევეს, მან გამოიხმო დიდი სახელი ნიკო ნიკოლაძისა და შეგვახსენა, რომ არა მხოლოდ უფლება, არამედ მისი უპირველესი მოვალეობაა, იყოს მცველი და აპოლოგეტი საქართველოს ევროპული მომავლისა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 1921 წელს ნამდვილმა, მართალმა და ლეგიტიმურმა საქართველომ საქართველოს მიწაზე შეწყვიტა არსებობა და მან არსებობა გააგრძელა ანტისაბჭოთა პოლიტიკურ ემიგრაციაში, იქნებოდა ეს სტამბოლი, ლევილი თუ თვით პარიზი.

„საქართველო დატოვა ლეგიტიმურმა საქართველომ, უფრო სწორად, გაძევებულ იქნა საქართველოდან მისი ლეგიტიმური ორგანოები – მთავრობა, პარლამენტი, დამფუძნებელი კრება და ასე შემდეგ. თვით საქართველოს სხეულში ამ ლეგიტიმური საქართველოს სისტემის, სტრუქტურისა და შინაარსის ნაცვლად, გაბატონდა ბოლშევიკური საოკუპაციო შინაარსი“, – აღნიშნა ნიკა მაჭუტაძემ.

მაჭუტაძის თქმით, არსებობს ორი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ.

„როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატობისას სალომე ზურაბიშვილის ზოგიერთ ყოვლად მიუღებელ განცხადებას ვისმენდი, მუდამ ვფიქრობდი საქართველოს სახელმწიფოს შესახებ, რა უბედური ხალხი ვართ, ჩვენ არაფერში გაგვიმართლა, რადგან რა კარგი იქნებოდა, რომ 1921 წელს საქართველოდან წასული პატრიოტების შთამომავალი ბრუნდება უკან, 100 წლის შემდეგ და ის ხდება დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი, რა კარგი ისტორიაა, როგორი ლამაზი და ამასთანავე, როგორი სიმბოლური, რომ იმ ანტისაბჭოთა პატრიოტულმა ემიგრაციამ საბოლოოდ გაიმარჯვა ბოლშევიზმზე, ყოველგვარ რუსულობასა და სიდამპლეზე ჩვენს ქვეყანაში.

დღეს როდესაც ვუსმენდი საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, მახსენდებოდა ეს ფიქრები და ჩემს თავში მოდიოდა სწორედ ეს სენტიმენტები. მან დღეს თავისი გამოსვლითა და პოზიციით ნამდვილად წარმოადგინა ის საქართველო, რომელიც 1921 წელს გაძევებულ იქნა საქართველოდან. ის დაბრუნდა დღეს სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლით და ეს სიტყვები არ არის მხოლოდ ხმამამღალი პათეტიკა. მე ამ სიტყვებს ვამბობ საკუთარ თავში სრული დარწმუნებით. მან გამოიხმო დიდი სახელი ნიკო ნიკოლაძისა და ჩვენ ყველას შეგვახსენა, რომ არამცთუ და არა მხოლოდ უფლება, როგორც თანამდებობის პირის, არამედ უწინარესი და უპირველესი მოვალეობაა მისი, იყოს მცველი და აპოლოგეტი საქართველოს ევროპული მომავლისა. დღეს ჩვენ ვიხილეთ ამისთანა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ამ იმპიჩმენტის პროცედურის მსვლელობისას, რომელმაც თავისი ზიანი უკვე მიაყენა ჩვენს ქვეყანას, იმ პოლიტიკურ ტრადიციას, რომელსაც უკანასკნელი 11 წელია, ასეთი მონდომებით ებრძვის მმართველი გუნდი. ეს ბრძოლა დაიწყო სწორედ მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმა ჩატარდა საქართველოში და გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, ზვიად გამსახურდიას მიერ დაწესებული ეს პოლიტიკური ტრადიცია მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ტრადიცია იყო იმთავითვე ჩვენს ახალგაზრდა რესპუბლიკაში“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.