ნიკა მაჭუტაძე - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას შარი არ მოედოს, არამედ ეს კაცი არის განსაკუთრებული მოვლენა
ხელისუფლებას არა მხოლოდ მოვუწოდებ, ვთხოვ კიდევაც, გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს და ეს მდაბიო და ბოგანო სიჯიუტე შეაჩეროს, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, ნიკა მაჭუტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ნუ გახდის სალაპარაკოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, სახელმწიფოს მეთაურის, მოშიმშილე კაცის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის საკითხს, სადაც შესაძლებელი იქნება ამ კაცის გადარჩენა, რომლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის. მისი სიცოცხლის გადარჩენა სჭირდება საქართველოს, ამ სახელმწიფოს, ჩვენს სამოქალაქო მშვიდობას და სტაბილურობას“, – განაცხადა მაჭუტაძემ.
მისი თქმით, პოლიტიკურ დაპირისპირებებს უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს და მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უბრალოდ, საქართველოში არ განმეორდეს ის, რაც 27 წლის წინ მოხდა, როცა ზვიად გამსახურდია სამეგრელოს ტყეებში მოკლეს.
„მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას შარი არ მოედოს, არამედ ერთი ადამიანის სიცოცხლეზე უნდა იზრუნონ და მეორე, ეს კაცი არის განსაკუთრებული მოვლენა, იმ თვალსაზრისით, რომ მის ჯანმრთელობის შელახვა, სიცოცხლის ხელყოფა გამოიწვევს ამ ქვეყანაში ცუდ ამბებს და საქართველოს სახელწიფო ისტორიის წინაშე არ ვიქნები მართლები თანამედროვე ქართველები“, – განაცხადა მაჭუტაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფრთხე იმ კადრების გათვალისწინებით, რომელიც შესაბამისმა სამსახურებმა გაავრცელეს და, რომელთა განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, მაჭუტაძემ განაცხადა, რომ გუშინ თავად ნახა მიხეილ სააკაშვილი და თავის თვალით ნახა, როგორ იყო ის დასუსტებული და როგორ უჭირდა სიარული.
„მართალია, გონებრივად იყო ბრწყინვალედ და კარგად, მეხსიერება ჰქონდა ძალიან კარგი, მაგრამ ფიზიკურად იყო დასუსტებული. ამ თავგანწირული, 36-დღიანი შიმშილობის შედეგები მის ფიზიკურობაზეა აღბეჭდილი. ეს ვნახე მე ჩემი თვალით და ეს კაცი დაუყოვნებლივ არის გადასაყვანი მულტიფუნქციურ კლინიკაში. რაც შეეხება იმ კადრებს, ეს არის სამარცხვინო. საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი იმ კადრებში მიირთმევს, ჭამს, იკვებება, არ არის სწორი. იმ კადრებში ჩვენ ვხედავთ, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რომ იღებს სპეციალურ რაღაც ნივთიერებას. ჩემი ინფორმაციით, თუ ზუსტად გეუბნებით, ეს არის ზონდით გაშუქებისთვის აუცილებელი რაღაც პროცედურა, რომელიც კამერის და ექიმების წინაშე მიმდინარეობს“, – განაცხადა მაჭუტაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ხალხის მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რის შესახებაც ბოლო დღეების განმავლობაში განცხადებები კეთდება და როგორ უნდა გააკეთონ ეს სააკაშვილის მხარდამჭერებმა სამართლებრივად, ან ფიზიკურად, მაჭუტაძემ აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება თავისი აქტიურობითა და უწყვეტი, შეურიგებელი, მშვიდობიანი პროტესტით, რეჟიმს იძულებულს გახდის, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს.