ნიკა მაჭუტაძე - არ გამოვრიცხავ, პაატა ბურჭულაძე „ძალა ერთობაშიას“ სიის პირველი ნომერი იყოს
არ გამოვრიცხავ, რომ პაატა ბურჭულაძე „ძალა ერთობაშიას“ სიის პირველი ნომერი იყოს, – ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„ყველაფერთან ერთად, ბატონი პაატა არის ჩემი მეგობარი და მასთან ყოველდღიური სატელეფონო ურთიერთობა მაქვს, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება და ამ სატელეფონო საუბრების დროს მას პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი ჯერ ვერ შევატყვე. თუმცა, მას აქვს სურვილი, რომ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება მშვიდობიანი, უმტკივნეულო, კონსტიტუციური და კანონიერი გზით შეიცვალოს“, – განაცხადა მაჭუტაძემ.
ამ განცხადებით ნიკა მაჭუტაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აქვს თუ არა პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი და შესაძლებელია თუ არა, ის „ძალა ერთობაშიას“ სიის პირველ ნომრად ვიხილოთ.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, აწარმოებს თუ არა პაატა ბურჭულაძესთან კონსულტაციებს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ამას სააგენტო „2020“ წერს, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა, რომ შესაძლებელია, ეს კონსულტაციები და საუბრები იყოს, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„კონსულტაციები შეიძლება, ერქვას მეგობრულ, პირადი სახის საუბრებსაც და არჩევნები რაც უფრო ახლოა, ადამიანებს აქვთ ხოლმე ასეთი საუბრები პარტიულობის, არაპარტიულობის, თუ ზეპარტიულობის მიუხედავად. შესაძლებელია, ეს კონსულტაციები, საუბრები იყოს. თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. გადაწყვეტილება რომ მიღებული იყოს, ამის შესახებ მე მეცოდინებოდა, უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.