ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პროკურორის განცხადებით, საქმის არსებითად განხილვისთვის გადასაცემად საკმარისი მტკიცებულებები აქვთ.
„ბრალდების მხარეს სასამართლოში წარდგენილი გვაქვს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც შესაბამისი სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს. გვაქვს მოლოდინი, რომ საქმე არსებითად განსახილველად იქნება გადაცემული. მინდა, გამოვეხმაურო ცრუ ბრალდებებს, ეს ეხება ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა. 2019 წლის პირველ ნოემბერს ახალი ბრალი წარედგინა, რაც გულისხმობს იმას, რომ „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ, საკუთრებაში მიიღო დაახლოებით 76 000 ევროდ ღირებული ავტომობილი და ამ სქემის შენიღბვის მიზნით, ავტომობილი გააფორმა შპს „პროესკო მედიას“ სახელზე. ჩვენი მხრიდან იმის დასადგენად თუ ვის ეკუთვნოდა ეს ავტომობილი და ვინ სარგებლიბდა, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებებუ, მათ შორის მოსამართლის ნებართვის საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები. მხოლოდ ორი დღის განმავლობაში ხდებოდა გადაღება ავტომობილის. ნიკა გვარამია ერთხელ იყო დაკითხვაზე გამოცხადებული და ორი სხდომა ჩატარდა. ბრალდებული აპელირებდა მის ფინანსურ მდგომარეობაზე და ერთ-ერთ არგუმენტად მოიყვანა ის, რომ მანქანაც კი არ ჰყავს და მეგობრების მანქანით გადაადგილდება. ამის შემდგომ კითხვის დასმა, ჰყავდა თუ არა სხვა ავტომობილი, აზრს კარგავდა. მაშინ ყვრლანაირი გამოძიება აზრს კარგავს და ვკითხოთ პირდაპირ ბრალდებულს, ჩაიდინა თუ არა დანაშაული. თუ აღიარებს, აღიარებს, თუ არა, შევწყვიტოთ გამოძიება“,- განაცხადა პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ.
ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით კი, მტკიცებულებებზე საუბარი არარელევანტურია.
„ეს საქმე არ მიეკუთვნება პროკურატურის კომპეტენციას, ეს არ არის სისხლის სამართლის სფეროს შემადგენელი ნაწილი. ეს მაქსიმუმ ყოფილიყო სამოქალაქო დავა. თავად ნიკა გვარამიამ გააკეთა საჯარო განცხადება, რომ მისი ოჯახი სარგებლობდა ამ ავტომობილით, სხვა არაერთი მტკიცებულება იყო – მოწმეთა ჩენებები, ჯარიმები, რომლითაც ისედაც დასტურდებოდა, რომ ეს ავტომობილი იმყოფებიდა ნიკა გვარამიას ოჯახის სარგებლობაში. შესაბამისად, ამ ვიდეო მასალის ჩაწერის, თვალთვალის გვარამიას მცირეწლოვანი შვილისათვის და ცოლისთვის, შემდეგ ჩვენთვის გადმოცემის მიზანი ვერ იქნებოდა მტკიცებულებების გამაგრების საჭიროება. სასამართლო განჩინებები ნამდვილად იყო, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მსგავსი ტიპის ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებები უნდა განხორციელდეს მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არსებობს, ჩვენ შემთხვევაში არ არსებობდა“ ,- განაცხადა ადვოკატმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება. რაც შეეხება „ინტერმედია პლუსის“ გენერალურ დირექტორს, ზურაბ იაშვილს ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში.
გამოძიების ინფორმაციით, ნიკა გვარამიას კი ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, აგრეთვე, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში. ასევე, საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.