ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 13 დეკემბრისთვის გადაიდო
ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გადაიდო.
აღნიშნულის მიზეზი „ინტერ მედია პლიუსის“ ბრალდებული დირექტორის ზურაბ იაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას შუამდგომლობა გახდა.
როგორც ბასილაიამ განმარტა, საქმის მასალების გაცნობა მისთვის ობიექტური მიზეზით ვერ შეძლო, ვინაიდან ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა.
„ობიექტური მიზეზის გამო, ერთგვარი ირონიული მიზეზის გამო, ბრალდებული დარჩა ადვოკატის გარეშე. ადვოკატი იმყოფებოდა პატიმრობაში. მოსამართლემ გაითვალისწინა ეს გარემოება და მოგვცა დამატებითი ვადა შესაბამისი პოზიციების წარსადგენად“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სასამართლო სხდომა, 13 დეკემბერს, 15:00 საათზე განახლდება.
გამოძიების ინფორმაციით, ნიკა გვარამიას ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, აგრეთვე, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში. ასევე, საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება. რაც შეეხება „ინტერმედია პლუსის“ გენერალურ დირექტორს, ზურაბ იაშვილს ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში.