ნიკა გვარამია - ვინ ეკითხება კელი დეგნანს, მიხეილ სააკაშვილი სად დაინიშნება, ლაპარაკია მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც პირდაპირ ხაზზე იყო ამერიკის პრეზიდენტთან, როგორც თანასწორთან
ნიკა გვარამია - ვინ ეკითხება კელი დეგნანს, მიხეილ სააკაშვილი სად დაინიშნება, ლაპარაკია მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც პირდაპირ ხაზზე იყო ამერიკის პრეზიდენტთან, როგორც თანასწორთან

მაინტერესებს ქალბატონი დეგნანის პასუხი, რა მანდატით სარგებლობდა, ვის ინტერესებს ატარებდა და როგორ გაბედა ამის გაკეთება საერთოდ, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას თქმით, უკრაინული წყაროების ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ვაშინგტონსა და კიევში სატელეფონო ზარები განახორციელა და კატეგორიულად მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილის არდანიშვნა არც ერთ თანამდებობაზე.

„რა თქმა უნდა, მას უპასუხეს, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში ჩაჯდეს და მიხედოს საკუთარ საქმეს, მაგრამ მთავარი კითხვა აქ სხვა არის: ვინ ეკითხება კელი დეგნანს, მიხეილ სააკაშვილი სად დაინიშნება? ვინ დაავალა მას ამ ზარის განხორციელება და როგორ გაბედა საერთოდ ამის გაკეთება? ვის თამაშს თამაშობდა როცა ამას შვრებოდა? რომელ მიხეილ სააკაშვილზეა ლაპარაკი, ქალბატონო დეგნან, იცით თქვენ? მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც პირდაპირ ხაზზე იყო ამერიკის პრეზიდენტთან, როგორც თანასწორთან. იმ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებით, ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნასაც კი არ დაემორჩილა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვეტოს უფლება ჰქონდა საქართველოს. წელიწად-ნახევარი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები ჩამოდიოდნენ და სთხოვდნენ მიხეილ სააკაშვილს დათანხმებას. საბოლოდ, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა, ოღონდ გამოიტანა წარმოუდგენელი შედეგი – ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. რა მოხდა მერე – მოვიდნენ ქოცები და ეს ხელშეკრულება გინდ ყოფილა, გინდ – არა, მისი იმპლემენტაცია არ მომხდარა. ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. მას უფლება არ აქვს, საქართველოში ჩამოვიდეს? ერთხელ მაინც თუ უკითხავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ან ევროკავშირის ელჩს, ბატონ ჰარცელს, რა ხდება ამ კაცის თავს, რატომ მიმდინარეობს მისი დევნა, მისი განაჩენები თუ შეუსწავლიათ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას მის მომხრეებს ელაპარაკებიან, პირადად მისი მხარდამჭერი კი, გვარამიას განცხადებით, ნახევარი მილიონი ადამიანია.

„მიხეილ სააკაშვილზე ვლაპარაკობთ, რომელსაც 500 000 მომხრე ჰყავს ამ ქვეყანაში პირადად. ამ მიხეილ სააკაშვილზე ვლაპარაკობთ. ერთი ადამიანი მაინც მითხარით, ვისაც ჰყავს ნახევარი მილიონი მომხრე პირადად, პარტიებზე არ ვლაპარაკობ. და ამ ნახევარ მილიონ ადამიანს ელაპარაკებით თქვენ ამ ტონალობაში, რომ მათი ლიდერი თურმე არ იმსახურებს საქართველოში ჩამოსვლას. მეტიც, გასცდით საქართველოს ფარგლებს და კიევში აგვარებთ ბიძინა ივანიშვილისთვის საჭირო საქმეებს, რომ თურმე იქ არ უნდა დაინიშნოს. ამაზე პასუხისგება მოუწევს ნებისმიერს. ეს ძალიან მალე გამოქვეყნდება და მე მაინტერესებს ქალბატონი დეგნანის პასუხი ამ საკითხზე. რა მანდატით სარგებლობდა, ვის ინტერესებს ატარებდა და როგორ გაბედა ამის გაკეთება საერთოდ. ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს. ამაზე პასუხები ჩვენ გვჭირდება. სადაც გამოჩნდებით, ყველგან გკითხავთ“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.