ნიკა გვარამია - ვასამბეკ ბოკოვი არ არის ქილერი, ის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრია, მისი თანამზრახველები შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ
ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ინფორმაცია ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ სუს-ის მაღალი თანამდებობის პირისგან მიიღო.
კითხვაზე, რატომ არ ჩათვალა საჭიროდ საგამოძიებო სამსახურების საქმის კურსში ჩაყენება, გვარამიამ უპასუხა: „როგორ უნდა ჩამეყენებინა, სუს-ს ხომ არ ჩავაყენებდი საქმის კურსში, რომ მისგან ინფორმაცია მაქვს. ეს ასე არ ხდება, მოგეხსენებათ. ჯერ ერთი, დაზუსტებული ინფორმაცია არ იყო. მართალი გითხრათ, სარწმუნოდ ბოლომდე არც იყო ჩემს მიერ მიღებული. მივიღე არაოფიციალურად, ცხადია, მაღალი თანამდებობის პირისგან. სარწმუნო ჩემთვის ეს წყარო, ასეთი ინფორმაცია არ იყო. ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის დანაშაულების შესახებ სუს-ის წყაროებიდან ვიღებთ ძალიან ბევრს. მიმდინარეობს მათი გადამოწმებაც და სუს-სვე არ ვატყობინებთ, რამდენად მართალია, დაგვიდასტურეთქო“.
კითხვაზე, ჰყავს თუ არა სუს-ის მიერ დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ვასამბეკ ბოკოვს თანამზრახველი, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი.
„ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი, ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი. შესაბამისად, თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლება. მე რა ინფორმაციასაც ვფლობდი, მივაწოდე საგამოძიებო ორგანოებს, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით. ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობდა დიდი ხნის განმავლობაში გაბუნიას მარშრუტის შესწავლა. ერთი ადამიანის, თუ რამდენიმე ადამიანის მიერ, ეს არ ვიცი. თანამზრახველები შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ, არ ვიცი“, – განაცხადა გვარამიამ.
შეკითხვაზე, თუ რატომ არ ჩათვალა საჭიროდ ინფორმაციის მიღებისთანავე სუს-ისთვის ეცნობებინა, გვარამიამ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაზუსტებული არ იყო.