ნიკა გვარამია - სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ამ მოწოდებით აღიარებს ფაქტს, რომ შიმშილობს, სააკაშვილის გადაწყვეტილებას ხვალ გავიგებთ
სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს და მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ხვალ გავიგებთ, – ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გვარამიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს მისი ადეკვატური რეაბილიტაცია, მკურნალობა და რომ უსაფრთხოება ისევ უმაღლესი ხარისხით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
„მიხეილ სააკაშვილის დაცვის საერთაშორისო გუნდმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გააგზავნა მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ. მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით სახელმწიფოს დავალდებულება. სტრასბურგიდან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მხარეს მოგვეცა გარკვეული ვადა სარჩელის შესატანად. რაც მთავარია, მოთხოვნა ჩვენი დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.
სასამართლო მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ამ მოწოდებით აღიარებს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილი შიმშილობს. სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მყისიერად აცნობოს ამჟამინდელი მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით ამ წუთისთვის ციხის მე-18 დაწესებულებაში.
ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ის ვალდებულია, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა ციხეშიც და ზოგადადაც. ასევე შეახსენა ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას და სააკაშვილის გადაწყვეტილებას ხვალ გავიგებთ, თუ შეწყვეტს, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს მისი ადეკვატური რეაბილიტაცია, მკურნალობა და უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი. ასევე, ჩვენ დაგვევალა ყველას, რომ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია მივაწოდოთ სასამართლოს, 24 ნოემბერს კიდევ ერთხელ ეს ინფორმაციები შეჯერდეს და კვლავ იმსჯელებს სასამართლო იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება.
საქმე არის პრიორიტეტული და სასამართლო ახსენებს საქართველოს სახელმწიფოს, მის მიერ ნებისმიერი ამ განაწესის დარღვევა არის კონვენციის დარღვევა და ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შეუსრულებლობად. ასეთი არის ჩვენი გადაწყვეტილება. მოხარული ვართ, რომ ფაქტი, რომ სააკაშვილი შიმშილობს, აღიარებული ფაქტია. ამ სპეკულაციებს იმედი მაქვს, დღეიდან შეეშვება ხელისუფლება. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ერთი მხრივ, გაჩნდა პლატფორმა მისი შიმშილობის შეწყვეტის, თუმცა აქ სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულებასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული.
იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის აღსრულების არ იქნება და ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის, სახელმწიფო დაარღვევს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რამეთუ ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილებით დადგენილი მაღალი ხარისხის მკურნალობის და უსაფრთხოების სტანდარტებს. ეს არის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ დასაწყისია.
ვიმედოვნებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს და მთავრობას ეყოფათ საღი აზრი, გამბედაობა და საბოლოოდ არ შეაგდებს სასწორზე ქვეყნის ამ შემთხვევაში უკვე საერთაშორისო სამართლებრივად ყოფნა არყოფნის საკითხს და არ მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომელსაც მხოლოდ რუსეთი იღებს. გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს სახელმწიფოს მხრიდან. ჯერ სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ადეკვატური ნაბიჯები.
სააკაშვილის სარჩელი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას. სტრასბურგის სასამართლომ არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენი მოთხოვნა იყო შემდეგი, რომ პატიმრის ჯანდაცვის უფლება და უსაფრთხოების უფლება უნდა იყოს დაცული ყველაზე მაღალი სტანდარტით. ჩვენი შეთავაზება ცხადია, მოთხოვნის ფორმითაა, ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ ვუთხარით სასამართლოს, როგორ ვხედავთ ამას. ამას ვხედავთ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გზით. სასამართლომ დაგვიდასტურა, ჩვენთვის უმჯობესი იქნებოდა, რომ ესეც დაეწერა სასამართლოს პირდაპირი ტექსტით, მაგრამ სასამართლომ ჩათვალა, ამგვარად გამოეხატა თავისი პოზიცია, რომ დაგვთანხმებოდა, რომ უმაღლესი სამედიცინო მომსახურება უმაღლესი ხარისხით უნდა იყოს გაწეული და უსაფრთხოება უმაღლესი ხარისხით უნდა იყოს დაცული, როგორც დღევანდელ მდგომარეობაში, ასევე თუ შეწყვეტს შიმშილობას, რეაბილიტაციის პროცესის განმავლობაში. მიხეილ სააკაშვილი, პირობას გაძლევთ, გადარჩება, თავს არ მოიკლავს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.