ნიკა გვარამია - შარშან მიღებული სტატუსი, ფორმალურად და ყველანაირი შეფასებით, ჩვენ არ გვეკუთვნოდა
ვფიქრობ, შარშან მიღებული სტატუსი, ფორმალურად და ყველანაირი შეფასებით, ჩვენ არ გვეკუთვნოდა, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
გვარამიას თქმით, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის კეთილი ნებით მიიღო.
„გულწრფელად რომ ვთქვა, დღევანდელი განცხადებები ძალიან მოზომილი, დიპლომატიურია. როდესაც ელჩი ამბობს, დრო არ ითმენს, ამას განვიხილავ მიმართვად ქართველი ხალხისადმი და არა ხელისუფლებისადმი. საქართველოს ხელისუფლება ღიად და აფიშირებულად აფიქსირებს ნებას, რომ მას ევროკავშირი არ სჭირდება. ესეც გასაგებია, რადგან ხელისუფლებას აღელვებს საკუთარი თავის შენარჩუნება მმართველ პოზიციაზე და ეს მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციის სახით არის შესაძლებელი. ხელისუფლების უზურპატორების ადგილი კი ევროკავშირში არ არის, ძალიან მარტივად. შესაბამისად, მათი არჩევანი ვერ იქნება ევროკავშირი. მათი არჩევანია გავლენის სფერო, სადაც ხელისუფლების უზურპატორებს წყალობენ და მიესალმებიან. ეს არის რუსული გავლენის სფერო.
ვფიქრობ, შარშან მიღებული სტატუსი, ფორმალურად და ყველანაირი შეფასებით, ჩვენ არ გვეკუთვნოდა. ის ეკუთვნოდა ქართველ ხალხს თავისი მისწრაფების და ისტორიულად ევროპელობის გამო, მაგრამ ჩვენ ეს მივიღეთ ევროკავშირის კეთილი ნებით. მათ ჩვენი არაფერი მართებთ, მივიღეთ კრედიტად, წინმსწრებად და ჩვენ კეთილსინდისიერი გადამხდელები უნდა ვიყოთ, უზრუნველვყოთ, რომ წინმსწრებად გაცემული ნდობის მანდატი გავამართლოთ. ამისთვის საჭიროა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება არჩევნების გზით, მაგრამ არჩევნები უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს.
დღეს „ქართული ოცნება“ რასაც აკეთებს რუსული კანონის მიღებით, ასევე ნებისმიერ სხვა რეკომენდაციაზე უარის თქმით – ეს ეხება მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უზრუნველყოფას – ამ გზით ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებამდე ვერ მივალთ. „ქართული ოცნება“ უნდა ვაიძულოთ, ეს ყველაფერი შეასრულოს და უკან გაიწვიოს კანონი ან ისინი გავუშვათ კონსტიტუციით მონიჭებული ყველა კანონიერი უფლების გამოყენებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.