ნიკა გვარამია - ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა კიდევ ერთი დარტყმა იქნება ჩემი ახალი მედიისთვის, რადგან ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ მისი ინვესტორები, მაგალითად, ზაზა ოქუაშვილი
ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა კიდევ ერთი დარტყმა იქნება ჩემი ახალი მედიისთვის, რადგან ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ მისი ინვესტორები, მაგალითად, ზაზა ოქუაშვილი, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელონ.
„რომ გითხრათ, განსაკუთრებული დინამიკა მახასიათებს ქვეყნიდან გასვლის, ძალიან მოგატყუებთ, რადგან ძალიან ბევრი საქმე მაქვს და იშვიათად გავდივარ. თუმცა, ქვეყნიდან გასვლის მოთხოვნაზე შემოტანილი განცხადება არის კიდევ ერთი დარტყმა ჩემი ახალი მედიის მომავალზე, რადგან ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ ინვესტორები, ვინც ამ მედიაში უნდა იყვნენ პარტნიორები. მე მათ ამ ქვეყანაში ვერ შევხვდები. მაგალითად, ზაზა ოქუაშვილს ვერ შევხვდები ამ ქვეყანაში და იციან ეს. რა თქმა უნდა, ჩემი ვოიაჟები, იგივე უკრაინაში, იგივე ლონდონში, ზუსტად ამას ემსახურება ეს ყველაფერი. ამიტომ, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ჩემი უდანაშაულობის გამო მე დღეს მოვითხოვ, დავრჩე აღკვეთის ღონისძიების გარეშე აუცილებლად. მე მაქვს მტკიცებულებები იმისა, რომ ეს დანაშაული საერთოდ არ ყოფილა. ჯერ ერთი, რაც იქ წერია, ეს ისედაც არ არის დანაშაული, უბრალოდ, ზიანის მიყენებაზეა საუბარი. მოდით, ასე ვთქვათ, თუ შემეშალა კონტრაქტის დადება, ეს დანაშაული არ არის, მაგრამ არც შემშლია და მე ამის მტკიცებულებები მაქვს, პროკურატურა დღეს დარჩება დანაშაულის გარეშე და თუ მოსამართლე მაინც შემიფარდებს, ეს იქნება მხოლოდ ქართული სასამართლოს პრობლემა და არა ჩემი. მე გირაოს მაინც არ გადავიხდი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გენერალური პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიებად 80 ათასლარიან გირაოს მოითხოვს. ამასთან, მოთხოვნილი იქნება დამატებითი ღონისძიების გამოყენება, რაც გულისხმობს, რომ ბრალდებულს აეკრძალოს საქართველოს საზღვრის დატოვება სამართალდამცავი ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.