ნიკა გვარამია - მოვუწოდებთ პარტნიორებს ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, დაგვიდგნენ გვერდით დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზებისთვის
ნიკა გვარამია - მოვუწოდებთ პარტნიორებს ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, დაგვიდგნენ გვერდით დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზებისთვის

„ქართული ოცნების“ ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს ევროპულ გზას, არამედ ჩვენი დემოკრატიის არსს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ყველა ჩვენს პარტნიორს ევროპის და ამერიკის მასშტაბით, დაგვიდგნენ გვერდით დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიამ ამის შესახებ სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან – რასა იუკნევიჩიანესთან, ანა ფოტიგასთან, პეტრას აუსტრევიჩუსთან და ვიოლა ფონ კრამონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ წინაშეა ძალიან შემაშფოთებელი საკანონმდებლო ცვლილებები. ეს ცვლილებები მოიცავს წინადადებებს, რომლებიც საგანგაშოდ ჰგავს რუსეთის საგარეო აგენტების კანონს. სწორედ ამიტომ ვეძახით მას ჩვენ რუსულ კანონს, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის სტიგმატიზაციას ახდენს. დავამატებდი კიდევ ერთ კანონს, რომელიც არის ახალი საგადასახადო კანონმდებლობა, რომელსაც მე ასევე „რუსულ კანონ ორს“ ვუწოდებ. ეს კანონი უპირატესობას ანიჭებს რუს ოლიგარქებს, არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ ყველა მათგანს და ზრდის რუსული კაპიტალის გავლენას ჩვენს ქვეყანაში, რაც საქართველოს ფულის გათეთრებაში რუსეთის რუხ ზონად აქცევს“, – განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, საქართველო ახლა კრიტიკულ გზაჯვარედინზეა.

„ახლა, როდესაც აქ ვსაუბრობთ, ყველა ფენისა და პოლიტიკური გემოვნებისა და წარსულის ქართველები ქუჩებში არიან გამოსულნი და მსვლელობას მართავენ თავისუფლებისთვის. ამ ბრძოლაში მონაწილეობენ ახალგაზრდები და მოხუცები, შრომისმოყვარე მშობლები და მამაცი ახალგაზრდა ლიდერები. ქართველი ხალხი ერთიანია, ქართული პროდასავლური ოპოზიციური პარტიები – გაერთიანებული, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ერთიანია, ქართული კრიტიკული მედია ერთიანია. ჩვენ უკეთესი საქართველოს იმედი გვაქვს და ბედნიერებას მონდომებით ვეძებთ. ჩვენ არც ოპტიმისტები ვართ და არც პესიმისტები, ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილი, დავაბრუნოთ საქართველო სწორ გზაზე და დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ოჯახს, ევროკავშირს, რათა ავაშენოთ თანამედროვე დემოკრატია და უკეთესი მომავალი ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. მთავარი, რაც საქართველოში ხდება ახლა, არის ის, რომ ახალი თაობა ჩვენ გვერდითაა. უფრო სწორად, ჩვენ ვართ ახალი თაობის გვერდით, ამ ადამიანებს წინ მიჰყავთ ქვეყანა, ეს მათი სამშობლოა. მათ სჭირდებათ ევროპული სამშობლო, მათ სჭირდებათ ევროპა, დემოკრატია. ჩვენ, ქართველები, არც ისე ახალგაზრდები, ამ მიზეზით მათ ირგვლივ ვართ გაერთიანებული, ჩვენ ვუბიძგებთ მათ უკეთესი მომავლისკენ. ჩვენ არ გვინდა რუსეთი. ის არ არის ჩვენი მომავალი, რუსეთი არ არის ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, მოვიგებთ 2024 წლის არჩევნებს და შევცვლით სიტუაციას საქართველოში, რისი შედეგიც ევროკავშირის წევრობა იქნება. მე ამის ღრმად მწამს“, – განაცხადა გვარამიამ.