ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილს უკვე აქვს მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები, ვითხოვ პატრიარქთან პირადად შეხვედრას, ყოველგვარი შუამავლების, სპიკერებისა და ამბიონიდან მოქადაგეების გარეშე
ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილს უკვე აქვს მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები, ვითხოვ პატრიარქთან პირადად შეხვედრას, ყოველგვარი შუამავლების, სპიკერებისა და ამბიონიდან მოქადაგეების გარეშე

მე, ნიკა გვარამია, ვითხოვ საქართველოს პატრიარქთან პირადად შეხვედრას, ყოველგვარი შუამავლების გარეშე, მინდა, მისი ინფორმირება პირადად, მინდა, მოვისმინო მისი პოზიცია პირადად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკვე შესამჩნევად ცუდად არის.

„ფიზიკურად ეტყობა ეს ძალიან, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მას უკვე აქვს კომუნიკაციური პრობლემები და მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები. ვერ იხსენებს ადამიანების სახელებს. ჩემი ახსოვს ჯერჯერობით, მაგრამ საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ რამდენიმე მისი მეგობრის სახელიც ვერ გაიხსენა. არ ვიცი, ეს რისი სიმპტომია, ალბათ ექიმებმა უნდა თქვან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გავარმიამ მიხეილ სააკაშვილისგან მადლობა გადასცა ელენე ხოშტარიას. ასევე, მოითხოვა პატრიარქთან პირადად შეხვედრა.

„მადლობით დავიწყებ ელენე ხოშტარიასადმი. ძალიან დიდი მადლობა და მოკითხვა ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევლისგან ელენეს. რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუციის პოზიცია, თუმცა ჩვენთვის ამ პოზიციას არ გამოხატავს საპატრიარქოს არც ერთი სპიკერი, არც მეუფე შიო ან ვინმე სხვა. მე, ნიკა გვარამია, ვითხოვ საქართველოს პატრიარქთან პირადად შეხვედრას, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. მინდა, მისი ინფორმირება პირადად. მინდა, მოვისმინო მისი პოზიცია პირადად, კიდევ ერთხელ, ყოველგვარი შუამავლების, ყოველგვარი სპიკერებისა და ამბიონიდან მოქადაგეების გარეშე, რადგან ჩვენ არ გვაქვს სანდოობა ამ ადამიანების მიმართ და არ მივიჩნევთ, რომ ისინი ადეკვატურად და კეთილსინდისიერად გამოხატავენ საქართველოს პატრიარქის პოზიციას. ეს არის თხოვნა პირადად პატრიარქისადმი. ჩვენი ურთიერთობები წლების განმავლობაში ნამდვილად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მე და ის პირადად შევხვდეთ სანდო ვითარებაში, მისთვის სასურველ დროს, ადგილას, პირობებში და ამ საუბრის პირობებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობაზე, ვიდრე დაშავებული არ იქნება ალტერნატიული სამედიცინო კომისია.

„მესამე, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ ვიღებთ აბსოლუტურად ფორმალურ, დაუსაბუთებელ უარებს ალტერნატიულ კომისიასთან დაკავშირებით. რეალურად პირი უჩანს, რომ ჩვენ ეს უფლება უკანონოდ ​შეგვიფერხდება დაუსრულებლად. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, იგი აღარ მიიღებს ექიმთა კონსილიუმში მონაწილეობას, ანუ აღარ გაივლის მათ კვლევას იმ დრომდე, ვიდრე არ იქნება დაშვებული ალტერნატიული სამედიცინო კომისია. პირადად ყველა ექიმის მიმართ გამოხატავს პატივისცემას და ნდობას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს პლატფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად არის პოლიტიზებული ექიმებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, უკვე აღარ გამოხატავს მის ინტერესებს, აღარ ემსახურება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და იქ ექიმების ხმა არის რეალურად დაკარგული. ამიტომ მოვუწოდებ კონსილიუმში შემავალ ყველა ექიმს, მოვიდა დრო, რომ საჯაროდ ისაუბრონ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის მათი როგორც სამოქალაქო ვალი, ჩემი აზრით, ასევე პროფესიული ვალდებულება. კიდევ ერთხელ, ვიდრე არ იქნება დაშვებული ალტერნატიული სამედიცინო კომისია ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით და უკვე ყველასთვის ცნობილი შემადგენლობით, მიხეილ სააკაშვილი არ მიიღებს სამედიცინო კონსილიუმში მონაწილეობას, არ გახდება კვლევის ობიექტი სამედიცინო კონსილიუმისთვის. ასევე, ვთხოვ სამედიცინო კომისიის წევრ ექიმებს, მოუწოდონ ხელისუფლებას, რომ ალტერნატიული მექანიზმები იყოს დაშვებული“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ არის კარგ ფორმაში.

„მე არ მინდა სიტუაციის უტრირება და გამძაფრება. მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მეხსიერების პრობლემები ალბათ არის კონკრეტული მდგომარეობის სერიოზული სიმპტომი. ამაზე განმარტებას ექიმები გააკეთებენ და პირდაპირ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, იგი ვერ აცნობიერებს, რა მდგომარეობაში იგდებს თავს და რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა მდგომარეობაში აგდებს ქვეყანას. მას ქვეყანა მიჰყავს სრული პოლარიზაციისა და განხეთქილებისკენ. იგი საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის უშიშროებას და სამოქალაქო წესრიგს. დიახ, პირადად მას ვეუბნები, რომ იგი პირადად არის შემოქმედი იმისა, რაც შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს. ვიმედოვნებთ, მათ შორის საქართველოს პატრიარქის ჩარევით, ეს სიტუაცია მყისიერად იქნება ამოწურული და საქართველოს ავარიდებთ ძალიან მნიშვნელოვან საფრთხეს, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ უკვე საქართველოს ინტერესებში და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.