ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილი იღებს სედატიურ პრეპარატებს, გლუკოზას და წყალს
ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილი იღებს სედატიურ პრეპარატებს, გლუკოზას და წყალს

მიხეილ სააკაშვილი იღებს სედატიურ პრეპარატებს, გლუკოზას და წყალს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი იღებს სედატიურ პრეპარატებს, რომელიც უკავშირდება ნერვული სისტემის დამშვიდებას და ა.შ. ამაზე არავის უთქვამს, რომ არ იღებს. ის იღებს მხოლოდ გლუკოზას და წყალს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ცნობილი არ არის, რომ გუშინდელს აქეთ რამე შეიცვალა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, გვარამია ასევე გამოეხმაურა პენიტენციური დაწესებულების დღევანდელ ბრიფინგს.

„ეს ბრიფინგი არაფერს ემსახურებოდა, გარდა იმისა, რომ სისულელე ეთქვათ და რაღაც ვალი მოეხადათ, რა ვიცი ვის გასაგონად, საზოგადოებას ეს არ სჯერა, ალბათ სტრასბურგის სასამართლოსთვის. ძალიან საინტერესო იყო ერთი გარემოება, როდესაც თქვეს, რომ გვაქვს გამოცდილება შიმშილობის მართვის და განსაკუთრებით შიმშილობის შემდგომი პერიოდისო. თუ მიაქციეთ ყურადღება, თქვა, რომ 2019-დან გვაქვს ეს გამოცდილება. ეს ხომ აბსურდია და გეტყვით, რატომ თქვეს. 2018 წელს, ამ ადამიანებს, 40 დღის შიმშილობის თავზე ამ ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა პატიმარი, რადგან მისი შიმშილობა ვერ მართეს. გადაამოწმეთ, 2018 წელს ეს ნამდვილად მოხდა. ახალგაზრდა კაცი შიმშილობის გამო გარდაიცვალა.

რაც შეეხება პოსტშიმშილობის პერიოდს, ამ საავადმყოფოს კი არა, საქართველოში, სავარაუდოდ, არც ერთ საავადმყოფოს არ აქვს და საჭირო იქნება კონსილიუმის მსგავსი მიხედვა ამ ყველაფერს, რადგან ერთი საავადმყოფოს რესურსი ამას შეიძლება, არ ეყოს. დღესავით ნათელი სიტუაციაა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოუწევთ ყველა შემთხვევაში, ამაში ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა გვარამიამ.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის დასკვნა ადეკვატური იქნება.

„ვიმედოვნებ, სახალხო დამცველის წარმომადგენელთა დასკვნა ადეკვატური იქნება და ისინი იტყვიან, რომ საავადმყოფო შეუსაბამოა, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ უნდა იყოს გადაყვანილი. ამის იმედი მაქვს. თუ ეს დასკვნა სახელმწიფოს მხრიდან გაზიარებული არ იქნება, გასაგებია, რომ სახელმწიფო რეალურად ადამიანს კლავს, ვინც რაც არ უნდა თქვას. ამის შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულონ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.