ციხის საავადმყოფო არ არის მინიმალური გარანტიაც კი უსაფრთხოების დაცვის, ჩვენი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში პრობლემები იქნება იმიტირებული ქვეყნის ხელისუფლების მიერ, იქნება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
„ციხის საავადმყოფო არ არის მინიმალური გარანტიაც კი უსაფრთხოების დაცვის. ჩვენი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირდაპირ უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს პრობლემები იქნება ჩვენი ინფორმაციით იმიტირებული ქვეყნის ხელისუფლების მიერ. იქნება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. ესეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ და პირდაპირ ვაცხადებთ, რომ მათ შორის უსაფრთხოების პრობლემების გამო, სააკაშვილი არ შეიძლება იყოს გადაყვანილი ციხის საავადმყოფოში“,- განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, ყველაზე მაღალი რისკი, რომელიც სააკაშვილს ემუქრება, ეს არის გულის გაჩერება. როგორც გვარამია აცხადებს, ციხის საავადმყოფოში კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე უნდა არსებობდეს.
გავარამიას თქმით, კლინიკა, რომელშიც განთავსდება მიხეილ სააკაშვილი, უნდა იყოს მრავალპროფილური, მულტიფუნქციური, შერეული კლინიკა.
„ჩვენ გადასული ვართ მძიმე დრამატულ ფაზაში და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ გადაიზარდოს ეს ფაზა ტრაგიკულ ფაზაში. თქვენ იცით, რომ ამ ხნის განმავლობაში სულ თავშეკავებულ განცხადებებს ვაკეთებ, მაგრამ ამჟამად, დღეისთვის დამამშვიდებელი და დამაიმედებელი განცხადებების გაკეთება შეუძლებელია. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ, მივმართოთ საზოგადოებას და მივმართოთ ხელისუფლებას.
ჩვენ ვხედავთ, რომ ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები კეთდება იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და კონსილიულმის მხრიდან. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არ ყოფილა განხილვა სამოქალაქო კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსილიუმის დასკვნას, რადგან ციხის სამედიცინო დაწესებულება არ წარმოადგენს კონსიულიუმის დასკვნით განსაზღვრულ „ც“ კატეგორიის შერეულ მულტიფუნქციურ კლინიკას. აქ არ არის არამხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობა, მაგალითად, ჩვენ ველოდებით ახსნა-განმარტებას, მაგრამ ვიცით, რომ არ არის ციხის კლინიკაში ე.წ. ემერაი, მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და დოპლერი, რაც პირდაპირ არის ჩაწერილი კონსილიუმის დასკვნაში. არსებობს ყველაზე მაღალი რისკი, რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს, ეს არის გულის გაჩერების რისკი და შესაბამისად, ციხის საავადმყოფოში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე, კერძოდ ინტერვენციული კარდიოლოგია, ანგიოკარდილოგიური ლაბორატორია, იმპლანტაციის შესაძლებლობა და კათეტერალური აბლაცია. აღნიშნული ამ კლინიკაში შეუძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროფილის ექიმები არიან ციხის საავადმყოფოში, ეს არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პროფილის მომსახურება გაკეთდეს სრულფასოვნად, რადგან მრავალპროფილიან კლინიკაში არის ყველა შესაბამისი განყოფილება, ყველა შესაბამისი აღჭურვილობით და სააკაშვილის პრობლემები ძალიან დიდ სპექტრს ფარავს სამედიცინო მომსახურების საჭირობების.
კლინიკა, რომელშიც განთავსდება მიხეილ სააკაშვილი, უნდა იყოს მრავალპროფილიანი, მულტიფუნქციური შერეული კლინიკა. ასეთს არ წარმოადგენს ციხის საავადმყოფო. ჩვენ მოვითხოვთ მიმდინარე საათებში გადაწყდეს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციის საკითხი და ღია განცხადებით გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო“,- განაცხადა გვარამიამ.
ამასთან, გვარამიამ სახალხო დამცველს და ჯანდაცვის მინისტრს მიმართა.
„ჰოსპიტალიზაციის საკითხი უნდა გადაწყდეს არამხოლოდ პირადი ექიმის მონაწილეობით, არამედ ადვოკატების მონაწილეობით, რადგან ეს არ არის მხოლოდ ჯანდაცვის საკითხი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის უფლებადაცვითი საკითხი და არ შეიძლება ექიმმა უფლებადაცვითი მოვალეობა შეასრულოს. საერთაშორისო სტანდარტებით მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაში, როცა უფლებრივი კომპონენტი აქვს ამ გადაწყვეტილებას, აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ამ შემთხვევაში მესამე პრეზიდენტის სააკაშვილის ადვოკატი.
ვთხოვთ სახალხო დამცველს, რომ მოახდინოს დაუყოვნებლივ მონიტორინგი როგორც ბატონი სააკაშვილის მდგომარეობის, ასევე ციხის საავადმყოფოს შესაბამისობა იმ კრიტერიუმებთან, რომელიც გუშინ წარმოგვიდგინა დასკვნით კომისიამ, იუსტიცის სამინისტროსთან შექმნილმა კონსილიუმმა.
მივმართავ კატეგორიულად ჯანდაცვის მინისტრს, რომლის განცხადებები აქამდე ეწინააღმდეგებოდა იუსტიცის სამინისტროს განცხადებებს, ჩვენი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის გადაყვანა არ შეიძლება ციხის საავადმყოფოში და მისი ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს სამოქალაქო კლინიკაში. ჯანდაცვის მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განცხადება ამომწურავად, საჯაროდ და ცალსახად უნდა თქვას კი, ან არა და შესაბამისობა უნდა განმარტოს კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირებით. მოგვახსენოს, არის თუ არა „ც“ კატეგორიის ციხის საავადმყოფო“,- განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ სააკაშვილს მიმართა, ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს.
„მინდა, მივმართო მიხეილ სააკაშვილს, მიშა, იმედია მიყურებს. მიშა გამაგრდი, შენი ბედი არ არის მხოლოდ ამ ხელისუფლების ხელში და არც იქნება, კარგად იყავი მთავარია, ჯანმრთელობას გაუფრთხილდი პირველ რიგში. ამ ქვეყანას შენ სჭირდები ჯანმრთელი და სრულფასოვნად ჩართული ამ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომაც პირველ რიგში, ამ წუთებში იფიქრე შენ ჯამრთელობაზე და კვლავ ვიმეორებ, არ ხარ მარტო. ძალიან ბევრი ადამიანი დამწუხრებულია შენი მდგომარეობით, ბევრი გგულშემატკივრობს და ალბათ უპრეცედენტოდ ბევრი ამ ქვეყნის სინამდვილეში. ამას გარდა, ჩვენ, ადვოკატები ვიბრძვით იმისთვის, რომ გამოგიხსნათ ამ რეჟიმისგან და შენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღარ იყოს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.