ნიკა გვარამია - მე ზუკა ბერძენიშვილის საქართველოსთვის ვიბრძვი და არა ფულზე დახამებული ლაშა ტალახაძის, რამდენი რეკორდიც უნდა დაამყაროს
მე ზუკა ბერძენიშვილის საქართველოსთვის ვიბრძვი და არა ფულზე დახამებული ლაშა ტალახაძის, რამდენი რეკორდიც უნდა დაამყაროს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია წერს.
გვარამია ეხმაურება „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, ზუკა ბერძენიშვილის სტატუსს, რომელმაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ლაშა ტალახაძის ფოტოს „გულისამრევი“ უწოდა. „ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები“, – წერს ზუკა ბერძენიშვილი. ბერძენიშვილს გამოეხმაურა თავად ტალახაძე და დაწერა: „არ მიაქციოთ ყურადღება უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს“.
„ზუკა ბერძენიშვილი არის პატრიოტი მაგარი კაცი. მის ასაკში ქვეყნისთვის ამდენი სიკეთის გაკეთება რომ გეღირსება, ნამდვილი ბედნიერებაა.
ლაშა ტალახაძე არის ფენომენალური სპორტსმენი და მას მხარს მხოლოდ იმიტომ ვუჭერ, რომ ქართული დროშის ქვეშ გამოდის ასპარეზობებზე. თუმცა, ქართული დროშის ქვეშ გამოსვლა და დიდი გამარჯვებები, ერის მოღალატეების და ქვეყანაში რუსეთის შემომყვანების გვერდში დგომის ინდულგენცია ნამდვილად არ არის.
მე არ ვიცი, რა ღირს ლაშა ტალახაძის მხარდამჭერობა, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ღირს, სხვაგვარად სალომე ზურაბიშვილს და თვალთხარიას არავინ უჭერს ამ ქვეყანაში მხარს და ვერც მასზე გავაკეთებთ ალოგიკურ დაშვებას. პატრიოტები კი ფულზე არ ყიდიან საკუთარ მხარდაჭერას, მით უფრო, როცა ქვეყნის ერთადერთი მტრის აგენტურის მხარდაჭერაზეა საუბარი – არც სპორტში, არც ხელოვნებაში, არც არსად.
ქვეყანას ნამდვილი და უანგარო, მებრძოლი პატრიოტები სჭირდება, რუსეთისგან თავის დასახსნელად, თორემ ლაშა ტალახაძე აღდგენილი სსრკ-ს სახელითაც ისე გამოვა და ახალ რეკორდებს ისე დაამყარებს, თვალს არ დაახამხამებს.
მე ზუკა ბერძენიშვილის საქართველოსთვის ვიბრძვი და არა კონფორმისტი და ფულზე დახამებული ლაშა ტალახაძის, რამდენი რეკორდიც არ უნდა დაამყაროს“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქში“.