ნიკა გვარამია - მე გავყიდე ბინა, ფული ვასესხე „ინტერმედიას“, რადგან ხელფასებს ვერ ვარიგებდით, დროის განმავლობაში ფული დავიბრუნე ნატურით
ასეთი თეთრი ძაფებით კერვაც უკვე სირცხვილია უბრალოდ, – ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას პროკურატურის მიერ ბრალის წაყენების საკითხს.
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, დღეს პროკურატურაში 19:00 საათზეა დაბარებული და აუცილებლად მივა.
„ჯერ ერთი, ბრალს თუ მიყენებ ამ გარემოებაზე, დაკითხვაზე ხომ უნდა მკითხო მაინც. არ უკითხავთ საერთოდ, თორემ ავუხსნიდი, მაგრამ ახსნაც არ სჭირდება. „ინტერმედიიდან“ ყველა დოკუმენტია ამოღებული და ამ დოკუმენტების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება აქვს „ინტერმედიას“ ჩემთან, რადგან ვერ ვიხდიდით ხელფასებს და ეს მთელმა „რუსთავი 2“-მა იცის. მე გავყიდე სახლი, მივეცი მათ ფული და დამიბრუნეს ბინებით. ასეთი თეთრი ძაფებით კერვაც არ შეიძლება. გპირდებით, პასუხი იქნება ადეკვატური. დღეს 19:00 საათზე ვარ დაბარებული პროკურატურაში. მე არასოდეს უარი არ მითქვამს პროკურატურაში მისვლაზე, ყოფილი პროკურორი ვარ. მე გავყიდე ბინა, უნდა გამეყიდა, მქონდა ფული და ეს ფული ვასესხე „ინტერმედიას“, რადგან ხელფასებს ვერ ვარიგებდით. დროის განმავლობაში ფული დავიბრუნე ნატურით. მეც ასე მერჩივნა. ეს არის მთელი ისტორია ამ ამბის“, – განაცხადა ნიკა გვარამია.
„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა, როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (შპს „ინტერ მედია პლიუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა „რუსთავი 2“-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების ორი საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ. 2017 წლის მარტში ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა „რუსთავის 2“-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა – საერთო ჯამში 602 521 ლარად“, – აცხადებენ პროკურატურაში.