სადამდე დეგრადირდა ქართული სახელმწიფო, რომ მისი მთავარი ინსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მეორე პირი სახელმწიფოში, საგანგებო ბრიფინგს უძღვნის მოქალაქის ნიკა გვარამიას სტატუსებს. ამ ქვეყანას მეტი პრობლემა არ აქვს, არ იტაცებენ ამ ქვეყანაში ადამიანებს, არ ჩაჰყავთ სარდაფებში, თუ ოკუპირებული არ არის ეს ქვეყანა, – ასე შეაფასა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებები.
„მთავარია, ჯერ შეხედეთ მას და მერე შემხედეთ მე, ჯერ მომისმინეთ მე და მერე მოუსმინეთ მას. ვინ არის ფაშისტი, თუნდაც ჩვენ ორს შორის. მგონი, ამაზე კითხვის ნიშნები არ დარჩება. მთავარი, რისი თქმაც სურდა პარლამენტის თავმჯდომარეს იყო ის, რომ მისი შიდა კვლევებით იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი. მინდა, მოვუწოდო ცესკო-ს და მარეგულირებელ კომისიას, რომ ეს არის დარღვევა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რადგან კვლევების გამოქვეყნებას აქვს თავისი წესი. ვიღაცა იგებს, თუ ვიღაც აგებს, ამის თქმა ასე არ შეიძლება. კვლევები სათანადო წესით უნდა გამოქვეყნდეს და ეს უნდა შემოწმდეს მარეგულირებლისა და ცესკო-ს მხრიდან. ყველაფერთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარემ დაარღვია რამდენიმე კანონი და ძალიან ბევრი მოიტყუა. პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი არც ერთი კვლევით არ იმარჯვებს, არავითარი შიდა კვლევებითაც – ჩვენ ამ კვლევების შედეგებიც გვაქვს. ზურაბიშვილი მეორე ან მესამე ადგილზეა ნებისმიერი კვლევით და ისინი იბრძვიან, რომ სალომე ზურაბიშვილი რამენაირად მეორე ტურში გადაათრიონ.
ღალატი და რუსული ფაშიზმი – ჩემთვის არის ერთი. სალომე ზურაბიშვილი თავისი გამოხტომებით, თავისი ქცევითა და განცხადებებით არის მოღალატე. მისი განცხადებებიც ფაშისტურ ელემენტებს ატარებს. როგორც თავად ზურაბიშვილი ამბობს, ჩემთვის ეს არის „ორი და ორი ოთხი“. მე, როგორც თავისუფალი მოქალაქე, ბევრჯერ გავიმეორებ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა. მისი დახმარებაც მიმაჩნია დახმარება ღალატში. არაფრით არ უნდა დავუშვათ ამ ქალის გაპრეზიდენტება, რადგან ის არის პუტინის პროექტი, მოღალატე და ყველა მოქალაქეს გვაქვს უფლება და ვალდებულებაც, ამაში ვამხილოთ. ასევე ვამხილოთ ის ადამიანებიც, რომლებიც მას მხარს უჭერენ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რამდენიმე დღის წინ, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქპოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება“.
ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „28 ოქტომბერს ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიულ და უნიათო ფაშიზმს“.