ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნაა „არა რუსულ მთავრობას“
ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნაა „არა რუსულ მთავრობას“

ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნაა „არა რუსულ მთავრობას“.

ისინი აქციის მონაწილეებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან. მათი განცხადებით, ელოდებიან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას და დაშლას არ აპირებენ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემდეგ მოთხოვნა შეიცვალა და გახდა „არა რუსულ მთავრობას“.

„თუ არ არსებობს, შეიცვლება ხელისუფლება, საქართველოს მიზანი და მიმართულება არ შეიცვლება. მოლოდინები ჰქონდეს კობახიძეს, ჩვენ გვაქვს მიზნები და მიზანს ავასრულებთ. შეიცვლება კობახიძე და ივანიშვილი. რაც უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მით უკეთესი მათთვის და ქვეყნისთვისაც. თუ არა, ქვეყანა მაინც გადარჩება, მათი პრობლემა უკვე მათი ამოსახსნელი იქნება. არა რუსულ მთავრობას. მას შემდეგ რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა და გახდა არა რუსულ მთავრობას“, – განაცხადა გვარამიამ.

კითხვაზე, „თუ არ შეგხვდებათ, რას აპირებთ?“ – გვარამიამ უპასუხა: „ამ თუზე იფიქროს კობახიძემ, ჩვენ ვიცით, რაც იქნება“.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.