ნიკა გვარამია - ჩვენ არ ვიხილავთ პარტიულ გაერთიანებებს, თუ ვინმეს უნდა შემოერთება, შეუძლია, დაგველაპარაკოს, მაგრამ ჩვენ არავის არ შევუერთდებით
ნიკა გვარამია - ჩვენ არ ვიხილავთ პარტიულ გაერთიანებებს, თუ ვინმეს უნდა შემოერთება, შეუძლია, დაგველაპარაკოს, მაგრამ ჩვენ არავის არ შევუერთდებით

პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კოალიციაში „ცვლილებებისთვის“ პარტიულ გაერთიანებებს არ განიხილავენ.

მისივე თქმით, კოალიცია მხოლოდ ცალკეული ადამიანების შეერთებას გეგმავს.

„ჩვენ საკითხი უკვე დახურული გვაქვს. შემოერთებები ჩვენთან იქნება, ოღონდ ცალკეული ადამიანების. ვვარაუდობ, რომ ეს იქნება მომდევნო დღეებში. პარტიულ გაერთიანებებს ჩვენ არ ვიხილავთ. ჩვენ ვართ კოალიცია „ცვლილებებისთვის“, თუ ვინმეს უნდა შემოერთება, შეუძლია, დაგველაპარაკოს ამ თემაზე, მაგრამ ჩვენ არავის არ შევუერთდებით. საკითხი უკვე დახურულია, ყველა ოპოზიციური ცენტრი ფორმირებულია. არ მგონია, ახლა იყოს იმის დრო და საჭიროება, რომ რაღაც ტიპის გარჩევები იყოს, რაც ამ დღეებში ვიხილეთ“, – განაცხადა გვარამიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე კვირას გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ უბრუნდება პარტია „ახლის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანების ინიციატივას. „ჩემი ინიციატივა თავიდანვე იყო, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ. რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერი ვიქნებით“, – აღნიშნა სააკაშვილმა.