ნიკა გვარამია - ჩვენ არ ვართ ვაკე-საბურთალოს პროტესტი, ჩვენ ვართ მთელი საქართველოს პროტესტი, ამიტომ გავიშალოთ
ნიკა გვარამია - ჩვენ არ ვართ ვაკე-საბურთალოს პროტესტი, ჩვენ ვართ მთელი საქართველოს პროტესტი, ამიტომ გავიშალოთ

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი გადასარჩენი. ჩვენ თავებს არ ვითვლით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრი, ჩვენ არ ვართ ვაკე-საბურთალოს პროტესტი, ჩვენ არც მხოლოდ თბილისის პროტესტი ვართ, ჩვენ ვართ მთელი საქართველოს პროტესტი და არა მარტო დღევანდელი თაობების, არამედ ჩვენი წინაპრების და ჩვენი მომავალი თაობებისაც, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნიკა გვარამიამ თსუ-ს მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთელი საქართველო უნდა მოიცვას პროტესტმა.

„მოვიდეთ, შევიკრიბოთ, გავიშალოთ და მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ვაჩვენოთ „ქართულ ოცნებას“, რომ არ იქნება გაყალბებული არჩევნების შედეგად აღიარებული პარლამენტი, არა მხოლოდ ჩვენი უცხოელი თანამეგობრობის, არამედ ქართველი ხალხის, თბილისის მიერ. გელოდებით ყველას, ვიშლებით მთელი ქალაქის მასშტაბით. ჩვენ მივდივართ ევროპაში ვარაზისხევის, გმირთა მოედნის, სანაპიროების, ქუთაისის და ყველა იმ გზის გავლით, რომელიც ამ ქვეყანაშია. მივდივართ შავი ზღვის გავლით. ყველა გზას დავიჭერთ ჩვენ, არ გაგატარებთ, არ მიგიშვებთ არცერთ მიმართულებამდე, რომლითაც ქვეყანას წაიყვანთ რუსეთში“, – განაცხადა გვარამიამ.