ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საარჩევნო სიაში გზას ახალ ადამიანებს უთმობს და ასეთებად ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას და ნიკა მელიას მიიჩნევს
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის ლიდერი ვარ, მიმაჩნია, რომ უნდა დავრჩე პარტიის, კოალიციის ლიდერად, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
გვარამიას თქმით, ის კვლავ რჩება საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელად და კოალიციის ლიდერადაც, თუმცა მიიჩნევს, რომ პარლამენტში გზა ახალ ადამიანებს უნდა გაეხსნათ.
ამასთან, ნიკა გვარამიას განცხადებით, ის ახალ ადამიანებად ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძეს მიიჩნევს.
„პოლიტპატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოებას ვუთხარი ჩემი დამოკიდებულება, რომ მივდიოდი ტელევიზიიდან და ვიწყებდი პოლიტიკურ საქმიანობას. დღეს მივიჩნევ, რომ ჩემი დაპირების ერთი ნაწილი არის შესრულებული. მე და ნიკა მელიამ შევქმენით პარტია „ახალი“, რომელიც შედგება იმ ადამიანებისგან, ვისაც შეუძლია ცვლილებები და ვის მხრებზეც წარსული შეცდომები არ არის. მერე შეიქმნა კოალიცია, დაგვემატნენ „გირჩი“ და „დროა“, ის ხალხი ვინც აბსოლუტურად იზიარებს ჩვენს დამოკიდებულებებს. მინდა, შევასრულო ჩემი დაპირების მეორე ნაწილი, მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის ლიდერი ვარ, მიმაჩნია, რომ უნდა დავრჩე პარტიის, კოალიციის ლიდერად და ყველაფერი გავაკეთო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთვის. მინდა, პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს. მივცეთ ფართო გზა ახალ პოლიტიკურ აქტორებს. ჩვენ ვიყოთ პოლიტიკაში, ვაკეთოთ მნიშვნელოვანი საქმეები. ჩემი ამ გადაწყვეტილებით მინდა, ხაზგასმა იმისა, რომ კოალიცია „ცვლილებებისთვის“, სწორედ რომ ცვლილებაზეა ორიენტირებული და არა ჩანაცვლებაზე. ჩვენთვის არ არის მთავარი ამოცანა, რომ ბიძინა ივანიშვილის ადგილი დავიკავოთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი რუსული ორიენტაციით ჩამოშორდეს პოლიტიკურ მმართველობას და ძალაუფლებას. ქვეყანა, ხელისუფლება გადაიბარონ ადამიანებმა, ვინც პროპაგანდისთვის მოწყვლადი ვერ იქნება, ახალ გზებს დაადგება და ვისაც მე ჩემი შესაძლებლობით მაქსიმალურად დავეხმარები და წავწევ წინ, ასევე ვიქნები მოდარაჯე მათი შეცდომებისა. ჩემი კოალიციის ლიდერები, ნიკაც, ელენეც, ზურაც, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, არიან პოლიტიკაში, არ ყოფილან არცერთი ხელისუფლების ნაწილი, ამიტომ მე მათ მკაფიოდ და ხაზგასმულად მივიჩნევ ახალ ადამიანებად, მათ ვენდობი ბოლომდე“, – განაცხადა გვარამიამ.