ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის
„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის.
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, კომუნიკაციების კომისია მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყეტილება „მთავარი არხის წინააღმდეგ, ეს არის 112 ათასი ლარი, აქამდე რეკორდი იყო 58 ათასი ლარი და ეგეც „მთავარი არხის“ წინააღმდეგ იყო.
„ახლა ორ კლიპთან დაკავშირებით მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად უკანონოდ იქნა მიღებული. აღნიშნული კლიპები კომისიამ ჩათვალა წინასაარჩევნო კლიპებად, პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გაიყვანა. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ერთადერთს, ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას, ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება. ჩვენ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების მიმღებთა შესახებ კლიპების გაშვებას, რომელიც ხვალიდან გავა ეთერში. ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი თანხების გადახდას და გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ, სასამართლო გაუძლებს თუ არა ამ ტესტს. განვითარება ამ მოვლენას ექნება აუცილებლად. ზვავი ეფექტი ექნება ამ განვითარებას და ვპირდებით ამ ადამიანებს, რომ საერთაშორისო თვალსაზრისითაც, მათ მიმართ აუცილებლად ვეცდებით, რომ ყველანაირი შეზღუდვის ზომა იქნეს გატარებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყვნენ მიცემული ქართული იურისდიქციის ფარგლებში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კომუნიკაციების კომისიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო, „მთავარი არხი“ 112 000 ლარით დააჯარიმა.