ნიკა ჩიტაძე - პარტიები თანაბარ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობების 70%-ზე მეტი მიიღო
ნიკა ჩიტაძე - პარტიები თანაბარ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობების 70%-ზე მეტი მიიღო

პარტიები თანაბარ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობების 70%-ზე მეტი მიიღო, საჯარო სექტორში 284 000 ადამიანია დასაქმებული და ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ეკლესიის როლიც არის მეტად ძლიერი, – ამის შესახებ ექსპერტმა, ნიკა ჩიტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021“ სტუმრობისას განაცხადა.

„2021 წლის პირველი იანვრიდან 25 ოქტომბრამდე „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობების 70%-ზე მეტი,16 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. აქედან გამომდინარე, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები არ იმყოფებოდნენ ასე ვთქვათ, თანაბარ მდგომარეობაში. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ საჯარო სექტორში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე დასაქმებულია დაახლოებით, 284 000 ადამიანი. მათ ჰყავთ ნათესავები, მეგობრები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ისინი მუშაობენ ამ ადამიანებზე, რათა მათ შთააგონონ. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ უმრავლესობა მაინც „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას. ამას ემატება ის ფაქტი, რომ ეკლესიის როლიც არის მეტად ძლიერი. ვიცით, რომ გარკვეული სასულიერო პირები ცდილობენ, მის მრევლს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოუწოდონ“, – განაცხადა ჩიტაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა სტრატეგია იქნება მართებული ოპოზიციის მხრიდან მოცემულ ვითარებაში, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ უნდა დააფიქსიროს ყველა დარღვევა, რასაც ადგილი ჰქონდა და მშვიდობიანი მეთოდებით განაგრძოს ხმების დაცვა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად იყო ისეთი დარღვევები, რამაც არჩევნების შედეგებზე შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს, ჩიტაძემ აღნიშნა, რომ ასეთი დარღვევა ბევრი იყო.

როგორც ნიკა ჩიტაძემ ასევე აღნიშნა, უახლოეს მომავალში ვერ ხედავს იმის შესაძლებლობას და ალბათობას, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გამიჯვნა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ნაწილი ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას და სხვებს მოსთხოვს პასუხს იმაზე, თუ რატომ გაემიჯნენ ისინი პარტიის რეალურ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს. ეს არის რეალობა. ამიტომ, მე ამ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას და ალბათობას, რომ მოხდეს გამიჯვნა მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, – განაცხადა ჩიტაძემ.

შეკითხვაზე, რამდენად აქვს მცირე ოპოზიურ პარტიებს იმის რესურსი, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური მომავალი ჰქონდეთ და რამდენად მომგებიანი იქნება მათთვის „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირება, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ ეს მათთვის მომგებიანი ვერ იქნება.

„თავის დროზე, ერთი პერიოდი, ჰქონდა ამას ადგილი, როდესაც მაგალითად, „ევროპული საქართველო“ შეიქმნა. ისინი გარკვეულწილად, გაემიჯნენ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა მერე კარგად დაინახეს, რომ მათი რეიტინგი არ იყო მაღალი და დღეს, ფაქტობრივად, სადღაც 2%-ის ფარგლებში მერყეობს. აქედან გამომდინარე, მე ასე მგონია, რომ არავის ინტერესში არ იქნება პარტიისგან გამოყოფა. ერთ-ერთი მიზეზი ეს არის ამ შემთხვევაში“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.