ნიგერში რადიკალი ისლამისტების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა
ნიგერში რადიკალმა ისლამისტებმა ორ დასახლებულ პუნქტში სულ მცირე 100 ადამიანი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორ ჯგუფად გაყოფილი 100-ზე მეტი ისლამისტი, რომლებიც მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ, ორივე დასახლებულ პუნქტს ერთდროულად დაესხნენ თავს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფაქტი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასეს.
თავდასხმის შედეგად, კიდევ 25 ადამიანი მძიმედ არის დაშავებული. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ნიგერის მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ ისლამისტები ქვეყანაში მეზობელი ქვეყნებიდან შევიდნენ. ნიგერის ტილაბერის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც სამი ქვეყნის – ნიგერის, მალისა და ბურკინა ფასოს საზღვრები ერთმანეთს ერწყმის. აფრიკის ამ ნაწილში ექსტრემისტული ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში“ ისლამისტები მოქმედებენ.