ნიგერიიდან რუსი მეზღვაურების გამოყვანის გამო რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს მადლობას უხდის
ნიგერიიდან რუსი მეზღვაურების გამოყვანის გამო რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს მადლობას უხდის

ნიგერიიდან რუსი მეზღვაურების გამოყვანის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მადლობას უხდის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რომ ამ წარმატებულ ჰუმანიტარულ გამოცდილებაზე მოთხოვნილება კორონავირუსული პანდემიის დასრულების შემდეგაც იქნება.

„მსურს, ვისაუბრო თბილისთან წარმატებული თანამშრომლობის შესახებ რუსეთის მოქალაქეების სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ჩვენ ქართული მხარის მადლობელი ვართ ნიგერიიდან რუსეთის სამი მოქალაქის, მეზღვაურის სპეციალური ბორტით ევაკუაციაში დახმარების გამო. მათი ხელშეკრულება დასრულდა, გაუქმდა რეგულარული ფრენები რუსეთსა და ნიგერიას შორის, რუსული საექსპორტო ფრენები არ ხორციელდება. ქართველი კოლეგების თანხმობამ, რომ რუსეთის მოქალაქეები თავის ბორტზე აეყვანათ, მათ საშუალება მისცა, ლაგოსიდან თბილისში ჩასულიყვნენ 7 ივნისს, სადაც მათ შეხვდნენ რუსეთის ინტერესების განყოფილების წარმომადგენლები საქართველოში შვეიცარიის საელჩოში და მიიყვანეს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ზემო ლარსის მრავალმხრივ საავტომობილო გამშვებ პუნქტზე. ამ დროისთვის სამივე მათგანი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე იმყოფება“, – განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა და გასულ კვირას საქართველოს გავლით რუსეთის ორი მოქალაქე დაბრუნდა, რომლებიც თურქეთში მკურნალობდნენ, ასევე მსგავსი ხასიათის დახმარება იქნა აღმოჩენილი სომხეთიდან რუსეთის მოქალაქეების დაბრუნების დროს და უშუალოდ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანის დროსაც.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძელით ჰუმანიტარული თანამშრომლობის დამყარება რუსეთსა და საქართველოს შორის რთული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს არის სწორი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც მოდის საერთო უბედურება. კარგი იქნება, რომ არ დაელოდოთ შემდეგს, არამედ ყოველდღიურად გამოიყენოთ ეს გამოცდილება. ვიმედოვნებთ, რომ ამ გამოცდილებას მოთხოვნილება ექნება კორონავირუსული პანდემიის დასრულების შემდეგაც“, – თქვა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ თავის მხრივ რუსეთიც დაეხმარა საქართველოს მოქალაქეს რუსეთის მოქალაქესთან ერთად ბრაზილიაში და ეს შესანიშნავი მაგალითებია, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნას საფუძვლად და შესაძლოა, მხარეებმა ბევრი პრობლემის გადაჭრაც შეძლონ.