სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში. ტერაქტს, რომლის სამიზნეც მეჩეთი იყო, ისლამისტური სამხედრო დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ხელწერას უკავშირებენ.
შტატ ადამავას პოლიციის პრესსპიკერის თქმით, ამ დროისთვის, მსხვერპლის რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა და მატებაც მოსალოდნელია.
მას შემდეგ, რაც 2015 წელს ქვეყნის მმართველობას სათავეში პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი ჩაუდგა, ეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა. მაშინ ქვეყნის ლიდერი მოსახლეობას „ბოკო ჰარამის“ რვაწლიანი ტერორის დასრულებას დაპირდა, რომელიც თანაბრად ესხმოდა თავს სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.
Reuters-ის მონაცემებით, მხოლოდ 2017 წელს თავდასხმებს ნიგერიაში 278 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ბოკო ჰარამს“ ადამავას შტატის ნაწილზე კონტროლი 2015 წლის დასაწყისამდე ჰქონდა. ქვეყნის სამხედრო შენაერთებმა მათი განდევნა შეძლეს და მას შემდეგ ქალაქი მუბი მშვიდობიანად ცხოვრობდა.
ნიგერიაში ტერაქტებს დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ ახორციელებს. თავდასხმებისთვის ისინი ხშირად იყენებენ მოზარდებსა და ქალ თვითმკვლელ ტერორისტებს.
2009 წლის შემდეგ ამბოხებულები ქვეყანაში ისლამური სახელმწიფოს შექმნას ცდილობენ. „ბოკო ჰარამის“ თავდასხმებს ბოლო წლებში ათასობით ადამიანი შეეწირა.