ნიდერლანდებში მეხუთე თაობის ქსელის მოწინააღმდეგეებმა სატელეკომუნიკაციო ანძები დააზიანეს
ნიდერლანდებში მეხუთე თაობის ქსელის მოწინააღმდეგეებმა სატელეკომუნიკაციო ანძები დააზიანეს

ნიდერლანდებში მეხუთე თაობის ქსელის მოწინააღმდეგეებმა სატელეკომუნიკაციო ანძები დააზიანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ნიდერლანდების გაზეთ „დე ტელეგრაფზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ ახალი მეხუთე თაობის სატელეკომუნიკაციო ქსელის ოპონენტებმა ანძებს ცეცხლი წაუკიდეს ან დივერსია განახორციელეს. „დე ტელეგრააფის“ მიხედვით, გასული ერთი კვირის განმავლობაში თავდასხმის ოთხი ფაქტი მოხდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილზე მეხუთე თაობის ქსელის საწინააღმდეგო წარწერები დატოვეს.

„როიტერი“ წერს, რომ ნიდერლანდების მთელი რიგი ჯგუფები მეხუთე თაობის ქსელის გამოჩენას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ და შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ რადიო ტალღებმა შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოს. სხვები შიშობდნენ, რომ ამ ტექნოლოგიამ შეიძლება კონფიდენციალურობა დაარღვიოს.

ბელგიის ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორმა, სტეფ აპერსმა, ნიდერლანდების მაუწყებლობა, „ართიელს“ განუცხადა, რომ ოპონენტების შიშები ახალი ტექნოლოგიით იმუნური სისტემის შესაძლო დასუსტებას უკავშირდება, რამაც ორგანიზმი ვირუსების მიმართ შესაძლოა მოწყვლადი გახადოს.

„როიტერი“ წერს, რომ თეორია მხოლოდ ნიდერლანდებში არ არსებობს და მსგავსი თავდასხმები ბრიტანეთშიც მოხდა. ბრიტანეთის მთავრობის წევრებმა მეხუთე თაობის ქსელის კავშირს კორონავირუსის გავრცელებასთან, სახიფათო „ყალბი ახალი ამბავი“ უწოდეს. სატელეკომუნიკაციო უმსხვილესი პროვაიდერები ნიდერლანდებში ტესტირების ეტაპზე არიან და მეხუთე თაობის ქსელის ქვეყნის მასშტაბით ამუშავება ჯერ არ დაუწყიათ.