ნიდერლანდებში ირანელი პოლიტიკური აქტივისტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ნიდერლანდების პოლიციის განცხადებით, მკვლელობა ჰააგაში მოხდა. ეჭვმიტანილმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის დააკავეს.
ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი ირანელი აქტივისტის გადარჩენა ვერ შეძლეს.
52 წლის აჰმად მოლა ნისი არაბ ნაციონალისტთა დაჯგუფების დამფუძნებელი იყო, რომელიც ირანის ტერიტორიაზე, ნავთობით მდიდარ ხუზესტანის პროვინციაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ითხოვდა. ჯგუფის სახელია „აჰვაზის გათავისუფლების არაბული მოძრაობა“ (ASMLA).
ASMLA-ს შეიარაღებულმა ფრთამ ირანში განხორციელებულ რამდენიმე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. თეირანი ირანში მოქმედი სეპარატისტული დაჯგუფების დაფინანსებაში საუდის არაბეთს ადანაშაულებს.