ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 614-ს მიაღწია. დაღუპულია ხუთი ადამიანი.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ნიდერლანდებში ხელისუფლებამ განსაკუთრებული ზომების მიღება გადაწყვიტა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად დაიხურება ორი ყველაზე ხალხმრავალი ტურისტული ადგილი, ვან გოგის მუზეუმი და რეიკსმუზეუმი.
ამასთან, აიკრძალება ისეთი ღონისძიებების გამართვა, რომლებშიც 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ქვეყანაში დროებით არ გაიმართება სპორტული ღონისძიებები და კონცერტები.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც სახლიდან მუშაობა შეუძლიათ, ამ ზომას უნდა მიმართონ. კომპანიებმა კი სამუშაო ადგილებზე თანამშრომლების რაოდენობის შემცირების გარკვეული ზომები უნდა მიიღონ.