ნიდერლანდებში ახალი მემარჯვენე მთავრობა უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
ნიდერლანდებში ახალი მემარჯვენე მთავრობა, პრემიერ-მინისტრ დიკ სხოოფის ხელმძღვანელობით, უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
მინისტრთა კაბინეტმა ჰააგაში, მეფე ვილემ-ალექსანდერის წინაშე ფიცი დადო.
სხოოფი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მარკ რუტეს შეცვლის, რომელიც, თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურ მდივნად დაინიშნა.
67 წლის დიკ სხოოფი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში მაღალ თანამდებობას იკავებდა, მანამდე ის დაზვერვის და ანტიტერორისტულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
ნიდერლნადების მთავრობის ფორმირება მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი. მაისის დასაწყისში არჩევნებში გამარჯვებულმა ნაციონალისტური „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ხერტ ვილდერსმა მთავრობის ფორმირებაზე სამ კონსერვატიულ პარტიასთან შეთანხმების მიღწევა მას შემდეგ შეძლო, რაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებაზე თავად უარი თქვა.
კოალიციაში შედის მარკ რუტეს მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია VVD.
ხერტ ვილდერსი, რომელიც ანტიმუსლიმური და ანტიიმიგრაციული განცხადებებით გამოირჩევა, მინისტრთა კაბინეტში წარმოდგენილი არ იქნება, თუმცა კაბინეტში ეყოლება წარმოდგენილი თავისი პარტიიდან ხისტი პოლიტიკის მომხრე წევრები.