ნიდერლანდებისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართეს
ნიდერლანდებისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებმა ბრიფინგზე აღნიშნეს, შეხვედრაზე უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„ეს არის ომი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და შეგიძლიათ, ჩვენი ურყევი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს და მან პასუხი უნდა აგოს ყველა დანაშაულსა და უსამართლობაზე, რომელსაც ამ საშინელ ომში უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ყოველდღიურად ახორციელებს“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ.
ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბელგია უკრაინის დასახმარებლად ახალ პაკეტზე მუშაობს, რომელიც სამხედრო მხარდაჭერას მოიცავს.
„ბელგია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მომზადების პროცესშია. როგორც ვიცით, სამხედრო დახმარების პაკეტების მომზადებისას ხშირად არის პრაქტიკული დაბრკოლებები, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ არ არსებობს არანაირი ეჭვი რომელიმე ბელგიელის გულსა და გონებაში უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბელგიის პრემიერმა, ალექსანდერ დე კრომ.
გარდა ამისა, ალექსანდერ დე კროს თქმით, მთავრობა ჩამორთმეული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხებით უკრაინის დახმარებას განიხილავს.
„ომის დაწყების შემდეგ ბელგიურმა სამსახურებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს 180 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის რუსული აქტივები ჩამოართვეს. ჩვენ ახლა განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, სრულად გამოვიყენოთ რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის სამხედრო ძალისხმევის მხარდასაჭერად და უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. ბელგია მზადაა, ითამაშოს წამყვანი როლი ამის შესრულებაში და ამას ევროკომისიასთან ერთად გავაკეთებთ. ომის დაწყების დღიდან ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ უნდა დავარტყათ რუსეთს ჭკვიანური და ეფექტური გზით“, – განაცხადა დე კრომ.